მამარდას სანაცვლოდ 40 მილიონს იხდიან | The Times-ი ნიუკასლის გეგმებზე წერს
გიორგი მამარდაშვილი ევროპული კლუბების რადარებზე იმყოფება და ყველაზე აქტიურად „ნიუკასლს“ უკავშირებენ. „კაჭკაჭების“ ინტერესს ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Times-იც ადასტურებს და აცხადებს, რომ ინგლისელები მზად არიან, ქართველი მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადონ.
„ნიუკასლი“ ნიკ პოუპის შემცვლელს ეძებს, რომელიც 32 წლისაა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება. „კაჭკაჭები“ აპირებენ, აქცენტი გრძელვადიან პროექტზე გააკეთონ და მამარდაშვილის გარდა, აარონ რამსდეილის კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც „არსენალის“ საკუთრებაა.
The Times-ის მიხედვით, „მამარდა“ „ნიუკასლის“ მთავარი სამიზნეა, რამსდეილი - ალტერნატივა. „კაჭკაჭები“ ტრანსფერზე მუშაობას მალე დაიწყებენ და შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდონ, რათა გარიგების დასახურად საჭირო ფინანსები მოიძიონ. წასვლის მთავარ კანდიდატებს შორის The Times-ი კალუმ უილსონსა და მიგელ ალმირონს ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. თუმცა, ესპანური გამოცემები აცხადებენ, რომ „ღამურები“ მას 35-40 მილიონ ევროდაც გაუშვებენ.