ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

აზაროვი და გოჩოლეიშვილი რეალის იმედად არიან

როგორც უკვე კარგად მოგეხსენებათ, მომდევნო სეზონიდან ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, უეფას ჩემპიონთა ლიგა განახლებული ფორმატით ჩატარდება და მონაწილეთა რაოდენობა ოცდათორმეტიდან ოცდათექვსმეტამდე გაიზრდება. ჯერჯერობით მხოლოდ ოცდაექვსი კლუბია ცნობილი, რომელმაც ლიგაზე თამაში გაინაღდა, როგორ გადანაწილდება დანარჩენი საგზურები კი, ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

უეფას კოეფიციენტების მიხედვით, რეიტინგის ორი საუკეთესო ლიგა, გერმანიის ბუნდესლიგა და იტალიის სერია A ხუთ საგზურს იღებს. ინგლისის პრემიერ ლიგასა და ესპანეთის ლა ლიგას ტურნირზე 4-4 წარმომადგენელი ეყოლებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ს კი - სამი. ჯგუფური ეტაპის საგზური მიიღეს ნიდერლანდების ორმა და პორტუგალიის, შოტლანდიის და ავსტრიის თითო გუნდმა. საგზური უნდა მიეღო უკრაინის ჩემპიონ „შახტარსაც“, სადაც ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდიან, თუმცა ამ შემთხვევაში გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა, რაც კოეიფიციენტის ცხრილში ვიშა ლიგის რეგრესმა გამოიწვია.

შედეგად დადგა ასეთი რეალობა - მოხვდება თუ არა დონეცკის კლუბი მომდევნო სეზონში პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ეს „რეალი“ – „დორტმუნდის“ ფინალის შედეგზეა დამოკიდებული. „ბორუსიას“ მოგების შემთხვევაში, ბუნდესლიგას კოეფიციენტები კიდევ უფრო მოემატება და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაზე ამ ჩემპიონატის მეექვსეადგილოსანი ფრანკფურტის „აინტრახტი“ გავა. აი, სამეფო კლუბის წარმატების შემთხვევაში კი, საგზურს „შახტარი“ ყოველგვარ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის გარეშე მიიღებს. ასე რომ, „უემბლიზე“ გასამართ ფინალში აზაროვი-გოჩოლეიშვილი და მთელი დონეცკი „ბლანკოსის“ გულშემატკივარი უნდა იყოს.

აქვე გეტყვით, რომ ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგაში თამაში იტალიიდან - „ინტერმა“, „მილანმა“, „ბოლონიამ“, „იუვენტუსმა“ და „ატალანტამ“, გერმანიიდან - „ლევერკუზენმა“, „შტუტგარტმა“, „ბაიერნმა“, „ლაიპციგმა“ და „დორტმუნდმა“, ინგლისიდან - „მანჩესტერ სიტიმ“, „არსენალმა“, „ლივერპულმა“ და „ასტონ ვილამ“, ესპანეთიდან - „რეალმა“, „ბარსელონამ“, „ჟირონამ“ და „ატლეტიკომ“, საფრანგეთიდან - „პარი სენ-ჟერმენმა“, „მონაკომ“ და „ბრესტმა“, ნიდერლანდებიდან - „პსვ ეინდჰოვენმა“ და „ფეიენოორდმა“, პორტუგალიიდან - „სპორტინგმა“, შოტლანდიიდან - „სელტიკმა“ და ავსტრიიდან „შტურმმა“ გაინაღდეს. ასე რომ, ამ მოცემულობით, ისიც იმ შემთხვევაში თუ გრაცის გუნდში დარჩა, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, მომდევნო სეზონში ოთარ კიტეიშვილის სახით ლიგაში ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი გვეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს დუბლი - აზაროვმა და გოჩოლეიშვილმა უკრაინის თასი მოიგეს
ოქროს დუბლი - აზაროვმა და გოჩოლეიშვილმა უკრაინის თასი მოიგეს