ვარლამ ლიპარტელიანი, ნინო სალუქვაძე, გენო პეტრიაშვილი
Aa
Aa

პეტრიაშვილი პარიზში რეკორდსმენის რანგში ჩადის

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ოთხი ლიცენზია მოიპოვა. საფრანგეთის დედაქალაქში ჩვენი ქვეყნის სახელით სპორტის ამ სახეობაში ხალიჩაზე გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გავლენ. ბუნებრივია განსაკუთრებული მოლოდინითა და იმედებით ქართველი გულშემატკივარი გორელი მძიმეწონოსანის ასპარეზობას ელის, რომელმაც 2016 წელს რიო დე ჟანეიროში ბრინჯაოს, 2021 წელს ტოკიოში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. განსაკუთრებით დასანანი გენოს სამი წლის წინანდელი წაგება იყო, როდესაც ამერიკელ გაბლ სტივენსონთან თითქმის მოგებული ორთაბრძოლა ბოლო წუთებში დათმო.

ასეთი მტკივნეული მარცხის შემდეგ, გენოს ბუნებრივია მიღებული შოკიდან გამოსვლა უჭირს და მას შემდეგ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიოს პირველობის ორი და ევროპის ჩემპიონატი სამი ფინალი დათმო. ქომაგების განსაკუთრებული მხარდაჭერა სწორედ ახლა, წლის მთავარი სპორტული მოვლენის წინ სჭირდება საიმისოდ, რომ მესამე ცდაზე მაინც შეძლოს ოცნების ასრულება და ოლიმპიური ჩემპიონობა.

პეტრიაშვილი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ლეგენდარული მოჭიდავეა და ქართველ სპორტსმენებს შორის ერთი უნიკალური რეკორდის ავტორიცაა - მსოფლიოს ჩემპიონატზე მას 8 მედალი აქვს მოგებული, ასეთი შედეგით კი მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში ვერავინ დაიკვეხნის. 2017, 2018 და 2019 წლებში მან ოქროს მედალი ზედიზედ სამჯერ მოიპოვა. 2021 და 2023 წლებში ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, 2013, 2015 და 2022 წლებში კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მართალია ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანსა და ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს პლანეტის პირველობაზე შესაბამისად 11 და 9 მედალი აქვთ მოგებული, თუმცა პირველი მათგანი თერთმეტიდან ხუთ შემთხვევაში პრიზიორი გუნდურ შეჯიბრებაში გახდა, მეორემ კი ინდივიდუალურ ჩათვლაში ცხრიდან მხოლოდ ექვსი მედალი მოიგო.

მხოლოდ მოჭიდავეებს თუ მივიღებთ მხედველობაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კიდევ ერთხელ ასვლის შემთხვევაში, გენო პეტრიაშვილი სამ ქართველ ოთხგზის ჩემპიონს, რომან რურუას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ლევან თედიაშვილსა (თავისუფალი ჭიდაობა) და ლერი ხაბელოვს (თავისუფალი ჭიდაობა) გაუთანაბრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი აკგულთან - პეტრიაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
მარცხი აკგულთან - პეტრიაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია