„გარანტიები ვერ მიიღო“ | კონტემ ნაპოლიზე უარი თქვა?
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, პაოლო ბარჯიჯამ ანტონიო კონტეზე ისაუბრა, რომელსაც „ნაპოლის“ აქტიურად უკავშირებდნენ. ბარჯიჯამ გაგვიზიარა მოთხოვნები, რომლებიც იტალიელმა სპეციალისტმა აურელიო დე ლაურენტისს წაუყენა და განაცხადა, რომ კონტეს დანიშვნის ალბათობამ მოიკლო.
„მოლაპარაკებების ბოლო ეტაპისას, კონტემ ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება მოითხოვა, რაც ნიგერიელი ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული პუნქტიდან გამომდინარე, საეჭვო მგონია. ამას მოჰყვა კონტეს მიერ მოთხოვნილი გარანტიები, რომ კლუბი კვარაცხელიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, რაც პრეზიდენტისგან ვერ მიიღო. როგორც ჩანს, კონტე დე ლაურენტისის პროექტს არ ენდობა და ფინანსური მხარე არაფერ შუაშია“.
კონტეს მომავალზე La Repubblica-ს ჟურნალისტმა, მარკო აციმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიელმა სპეციალისტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და „ნაპოლის“ ჩაბარებაზე უარი განაცხადა. კონტე დაღალა იმ ფაქტმა, რომ დე ლაურენტისი მას მუდმივად კონკურენტულ მდგომარეობაში აყენებდა კოლეგებთან მიმართებით, რომლებსაც ანტონიო დიდ პატივს სცემს.
შეგახსენებთ, რომ კონტეს გარდა, „ნაპოლის“ სტეფანო პიოლისა და ჯანპიერო გასპერინის უკავშირებდნენ. La Repubblica-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისმა კასტინგი დაასრულა და სასურველი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.