ჩემპიონის ზედიზედ მეორე მარცხი - დინამო ბათუმს იბერიამ მოუგო
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-15 ტური ბათუმში ადგილობრივი „დინამოსა“ და „იბერიას“ დრამატული შეხვედრით დასრულდა, რომელიც თბილისელებმა 3:2 მოიგეს და წინა ტურში საკუთარ სტადიონზე „დილასთან“ დამარცხების შემდეგ, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღეს.
მასპინძლები მე-5 წუთზე გიორგი წიტაიშვილმა ეფექტური დარტყმით დააწინაურა, რომელსაც ასეთივე პასი ონორე გომისმა მიაწოდა. თუმცა, ზუსტად შვიდ წუთში, ბათუმელების მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რადგან ისინი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ - არბიტრმა კოტე გიორგაძემ სადავო ეპიზოდის ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ, გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის ჟან ვიქტორი გააძევა.
სტუმრებმა კაცნაკლულად დარჩენილი მეტოქის კარში საპასუხო ბურთი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაიტანეს და ცოტნე კაპანაძის გადაცემა შეიკნე სილამ გამოიყენა. მატჩის ნამდვილი მშვენება იყო პაატა ღუდუშაურის გოლი, რომელმაც ეფექტური სოლო-რეიდის შემდეგ აიღო ლაზარე კუპატაძის კარი. თუმცა, ბათუმელებმა ბოლომდე ვერ გაძლეს და ჯერ ბაქარ ქარდავამ აღადგინა წონასწორობა, არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების ბურთი შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა.
თხუთმეტი ტურის შემდეგ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგას 34 ქულით გორის „დილა“ ლიდერობს, რომელიც მეორე პოზიციაზე მყოფ „იბერიას“ ორი, მოქმედ ჩემპიონ „დინამო ბათუმს“ კი უკვე შვიდი ქულით უსწრებს. მომდევნო, მეთექვსმეტე ტურის მატჩები 23-24 მაისს გაიმართება.