გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას ბრწყინვალე რეაქცია გარსიას ჯარიმაზე - ვალენსია ჟირონასთან დამარცხდა

ლა ლიგის 2023-24 წლების სეზონის ბოლოსწინა ტურში „ვალენსია’’ „მესტალიაზე’’ „ჟირონასთან’’ 1:3 დამარცხდა. რუბენ ბარახას გუნდი 48 ქულით მე-9 ადგილზეა და კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვების შანსი დაკარგული აქვს. მე-7 ადგილოსან „ბეტისს'', რომელმაც კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა, „ვალენსია'' 8 ქულით ჩამორჩა.

დღევანდელ მატჩში მამარდა „ვალენსიას'' კაპიტანი იყო, მან გუნდს 31-ე ტურში „ოსასუნასთან'' შეხვედრაშიც უკაპიტნა.

ტრადიციულად, გიორგი მამარდაშვილმა „ღამურების’’ სასტარტოში ითამაშა. გაშვებულ გოლებში ქართველ მეკარეს ვერ დავადანაშაულებთ, „ვალენსიას’’ დაცვის ხაზი არადამაჯერებელი იყო.

მატჩის მე-6 წუთზე „ჟირონას'' ცენტრალური მცველი დავიდ ლოპესი ცდილობდა ქართველისთვის ბურთი თავზე გადაეგდო, თუმცა არ გამოუვიდა. 41-ე წუთზე მამარდასთან პირისპირ ივან მარტინი გავიდა, „ვალენსიას'' მეკარემ ბურთი ფეხით მოიგერია და კიდევ ერთხელ დაანახა პუბლიკას, რომ ფეხით თამაშის მხრივ პროგრესირებს.

მამარდას დღევანდელი თამაშიდან აღსანიშნავია ეპიზოდი მატჩის დამატებულ წუთზე, როცა ალეშ გარსიას საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალე რეაქციით მოიგერია.

სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე Opta-მ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში გიორგიზე მეტჯერ გუნდი გოლისგან არავის გადაურჩენია. სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გამართული მატჩებიდან გამომდინარე მამარდაშვილის კარისკენ ზუსტად 131-ჯერ დაარტყეს, საიდანაც მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი (xG) 43.7 გახლდათ. გიორგიმ 34 გოლი გაუშვა (ავტოგოლები არ ითვლება), რაც ნიშნავს, რომ „ვალენსია“ 9.7 გოლისგან იხსნა, ეს კი ლა ლიგაში საუკეთესო შედეგი იყო. შესაძლოა, ბოლო სამი ტურიდან გამომდინარე ეს სტატისტიკა შეიცვალა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ფაქტი მამარდაშვილის საუკეთესო ფორმაზე მეტყველებს.

მამარდაშვილმა ლა ლიგის ამ სეზონში 36-დან 13 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა. მშრალი მატჩების რაოდენობით ლა ლიგაში მხოლოდ უნაი სიმონს (17), ალექს რემიროსა (16) და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს (15) ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები