ვაწაძის სუპერგოლი და ტორპედოს 10-მატჩიანი წაუგებელი სერია
Crystalbet ეროვნულ ლიგაში „თელავის“ მოუგებელი სერია შვიდ მატჩამდე გაიზარდა. მე-15 ტურში სომეხი სპეციალისტის, არმენ ადამიანის მომზადებული კახელები სტუმრად, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „გაგრას“ დაუპირისპირდნენ და 0-2 დამარცხდნენ. ანგარიში 48-ე წუთზე მათე ვაწაძემ ულამაზესი დარტყმით გახსნა - მასპინძლების 35 წლის კაპიტანმა გიორგი ქიმაძის გადაცემის შემდეგ ვარდნაში ეფექტური ბურთი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 87-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა დააფიქსირა, რომელსაც საგოლე გადაცემა გია ნადარეიშვილმა ცვლილებაზე შესვლიდან ცამეტ წუთში მიაწოდა.
ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო „ტორპედომ“, მთლიანობაში კი წაუგებელი სერია 10 მატჩამდე გაზარდა - ქუთაისელებმა სტუმრად ფოთის „კოლხეთს“ 5:2 აჯობეს. მათმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა ძირითად შემადგენლობაში შვიდი უცხოელი ფეხბურთელი დააყენა და არც შემცდარა, რადგან ხუთივე გოლი ლეგიონერის ანგარიშზეა. პირველი ტაიმის თხუთმეტწუთიან მონაკვეთში „ტორპედო“ ელიტონ ჟუნიორისა და ჟორჟინიოს ზუსტი დარტყმებით წინ ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. 53-ე წუთზე გიორგი ხარებავამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ექვს წუთში ბიორნ იონსენმა მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მე-8 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა და გამარჯვებულის შესახებ ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოხსნა. მატჩის ბოლოს „ტორპედოს“ რიგებში თავი ფელიპე პირესმა და ნიკოლა ნინკოვიჩმაც გამოიჩინეს, საბოლოო ანგარიში კი არბიტრის მიერ მეხუთე კომპენსირებულ წუთზე გეორგი მელქაძემ დააფიქსირა.