ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

ზალცბურგის ჰეგემონია დასრულდა - კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონია

ავსტრიის ბუნდესლიგაში „ზალცბურგის’’ 10-წლიანი ჰეგემონია დასრულდა, 2023-24 წლების სეზონის დასკვნით ტურში გრაცის „შტურმმა’’ შინ „კლაგენფიურტი’’ 2:0 დაამარცხა და 13-წლიანი პაუზის შემდეგ ავსტრიის ჩემპიონი გახდა. ამ სეზონში გრაცელებმა დუბლი შეასრულეს, ავსტრიის თასიც მოიპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ დასკვნით ტურში დისკვალიფიკაციის გამო ოთარ კიტეიშვილს არ უთამაშია, ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ მან შეიტანა, რაზეც აღიარებაც მეტყველებს - ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-24 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

„შტურმი’’ ბუნდესლიგის გამარჯვებული ისტორიაში მეოთხედ გახდა (1997-98, 1998-99, 2010-11, 2023-24).

28 წლის ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 2023-24 წლების სეზონში 25 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ავსტრიულ კლუბში 2018 წლიდან თამაშობს, ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება და დიდი ალბათობით ავსტრიის საუკეთესო კლუბს დაემშვიდობება, თუმცა „შტურმთან'' ახალი კონტრაქტის გაფორმებაც განიხილება, მაგრამ ამის შანსი მცირეა. გარდა იმისა რომ ტოპ 5 ლიგიდან მის მიმართ დიდი ინტერესია, თუ ევრო 2024-ზეც გამოავლენს საუკეთესო თვისებებს, ასეთ შემთხვევაში დაინტერესებული გუნდების სია კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები