მსოფლიო ჩემპიონატი, გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

ვაზარი დამატებით დროში - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველივე დღეს ოქროს მედალი მოიპოვა.

-60 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში გიორგი სარდალაშვილი ჩინური ტაიბეის წარმომადგენელ იონ ვენ იანს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. შესაბამისად, ქართველი ძიუდოისტი კარიერაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. აქამდე, მსოფლიო პირველობაზე სარდალაშვილის საუკეთესო შედეგი ბრინჯაოს მედალი იყო, რომელიც ქართველმა ჯუდოკამ კატარში გასულ წელს აიღო.

გიორგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია, ის ტიტულს 20 წლის ასაკში დაეუფლა.

20 წლის სარდალაშვილმა ნახევარფინალში იაპონელი ტაიკი ნაკამურა დაამარცხა. ნახევარფინალამდე, კი საწყის მატჩში ჩრდ. კორეელი ჩაე ვაზარით გამოთიშა ასპარეზობას, 1/8 ფინალში ჩინური ტაიბეის წარმომადგენელ ლინს იპონით მოუგო, 1/4 ფინალში კი ტურან ბაირამოვს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი შებოჭა.

აღსანიშნავია,რომ სარდალაშვილის გამარჯვებით, ჩვენმა ნაკრებმა ოქროს მედალი უკვე ზედიზედ მეექვსე მსოფლიო ჩეპიონატზე მოიპოვა.

ცნობისთვის, ხვალ ტატამიზე საქართველოს სახელით 4 ძიუდოისტი იასპარეზებს. -66 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელს ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს. -73 კგ. წონაში მედლების მოპოვებას ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი ეცდებიან, გოგონებში კი -57 კგ. წონით კატეგორიაში ნინო ლოლაძეს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები