რა იქნება საბოლოოდ? - ჯუღელმა და დე ლაურენტისმა შეხვედრა დაგეგმეს
სერია ა-ს მიმდინარე სეზონი დასასრულს უახლოვდება და ხვიჩა კვარაცხელიას სამომავლო გეგმები კვლავ ერთ-ერთი მთავარი განსჯის საგანია.
იტალიური მედიის ინფორმაციით, იქითა კვირის ბოლოს ქართველი ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი და „პარტენოპეის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ერთმანეთს შეხვდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მამუკა ჯუღელმა პრეზიდენტს ამცნო, რომ კვარას გადაბირებით პარი სენ ჟერმენი და ბარსელონა ინტერესდებიან. როგორც ცნობილია, დე ლაურენტისი ხვიჩას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ ძალიან სარფიანი წინადადებით მიმართავენ.
ამ მომენტისთვის, კვარაცხელიას ანაზღაურება წლიურად 1.5 მილიონი ევროა. ქართველის გარემოცვა კი წელიწადში 5 მილიონ ევროს ითხოვს. ნაპოლი თანახმა 4 მილიონზეა სხვადასხვა ბონუსებით, რომელიც დაკავშირებულია, როგორც გუნდურ შედეგებთან, ასევე ინდივიდუალურ მიღწევებთან.
როგორც ცნობილია, მამუკა ჯუღელი ამ წინადადებაზე თანახმა არ არის და მინიმუმ 5 მილიონი ევრო სურს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯუღელი და დე ლაურენტისი იქითა კვირის ბოლო შეხვდებიან და როგორც უკვე მოგახსენეთ, საბოლოოდ გადაწყვეტენ ქართველი ვარსკვლავის მომავალს.
შეგახსენებთ, რომ კვარას მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს პარი სენ ჟერმენი იჩენს, რომელიც 80 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არის და რა თქმა უნდა, ხვიჩას გაცილებით მაღალ ხელფასს შესთავაზებს, ვიდრე ნაპოლი სთავაზობს.