ნაპოლი კონფერენს ლიგაზე მაინც მოხვდება? | რა შანსი აქვს კალცონას გუნდს
მიმდინარე სეზონის სერია ა-ს დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. ამ მომენტისთვის ნაპოლი 52 ქულით მეათე ადგილს იკავებს და ევრო ტურნირებზე გასვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მოდით განვიხილოთ, თუ რა შანსი აქვს კალცონას გუნდს ევროპის კონფერენს მოსახვედრად. ტორინოსთან წაგებული მატჩის შემდეგ, შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა თეორიული შანსი მაინც არსებობს.
ამ მომენტისთვის, მერვე ადგილს(კონფერენს ლიგის საგზურის პოზიცია) 54 ქულით ფიორენტინა იკავებს, მეცხრე ადგილზე 53 ქულით ტორინოა.
ფიორენტინა კონფერენს ლიგის ფინალში ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში მომავალ სეზონში ავტომატურად ევროპის ლიგაზე იასპარეზებს. ეს კი სერია ა-ში დაკავებულ მერვე პოზიციას ათავისუფლებს და კონფერენს ლიგის საგზურს მასზე ქვემოთ გუნდი მოიპოვებს.
როგორც უკვე მოგახსენეთ, მეცხრე ადგილს ტორინო იკავებს, რომელიც სერია ა-ს ბოლო ტურში ატალანტას სტუმრად შეხვდება. თავის მხრივ, ბერგამოელებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს და ევროპის ლიგის ფინალში ლევერკუზენს შეხვდებიან. ატალანტასთან სტუმრად თამაში ადვილი არ არის და არის შანსი, რომ ტორინომ ვერ მოიგოს.
ნაპოლი საკუთარ კედლებში ლეჩეს უმასპინძლებს. თუ კალცონას გუნდი მოიგებს და ტორინო ფრედ მაინც დაასრულებს, პარტენოპეი მეცხრე ადგილზე გადავა. ამის პარალელურად, თუ ფიორენტინა კონფერენს ლიგას მოიგებს, ამ სცენარით ნაპოლი ევროპის კონფერენს ლიგის საგზურს მოიპოვებს.