კლოპი: “რთულია დამშვიდობება, მაგრამ..“
2023/2024 წლების პრემიერ ლიგის სეზონის ბოლო ტურში იურგენ კლოპი ლივერპულს ბოლოჯერ გაუძღვება. გერმანელი სპეციალისტი მერსისაიდულ გრანდს ტოვებს.
მატჩის წინ, ლივერპულის ოფიციალურმა გვერდმა კლოპის გამოსამშვიდობებელი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც იურგენი ამბობს:
„დამშვიდობების დროა. მე მიყვარს აბსოლუტურად ყველაფერი ამ კლუბში, მე მიყვარს ყველაფერი ამ ქალაქში. მე ამ გუნდის ნაწილი ვიყავი ამ წლების განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი რამ გავიარეთ ერთად და ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემა გაჩნდა. აქ მოვედი, როგორც ჩვეულებრივი ბიჭი. მე ისევ ნორმალური ბიჭი ვარ, მაგრამ ნორმალური ცხოვრებით არ ვცხოვრობ.
მიყვარს ენფილდი, როდესაც მძვინვარებს. ჩვენ ნამდვილად ვაჩვენეთ, რისი გაკეთება შეუძლია ერთიანობას. რთულია დამშვიდობება, მაგრამ ახლა მხოლოდ კარგ დროზე ვიფიქროთ. ნებისმიერ დროს მზად ვიქნები დახმარებისთვის. თქვენ არასდროს დამავიწყდებით და ყოველთვის მომენატრებით.“
შეგახსენებთ, რომ კლოპი ლივერპულს სათავეში 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაუდგა და კლუბს რვა ტიტული მოაგებინა. სწორედ მის სახელს უკავშირდება გუნდის ევრო ასპარეზზე უმაღლეს მწვერვალზე დაბრუნება - 2019 წელს მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგა ტოტენჰემის დამარცხებით მოიგეს, რასაც როგორც უეფას სუპერთასზე, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვება მოყვა.
კიდევ უფრო მეტად გაახარა გერმანელმა მწვრთნელმა გუნდის ფანები მომდევნო სეზონში, როდესაც ლივერპული ინგლისის ჩემპიონი 30-წლიანი პაუზის შემდეგ გახადა. ორი უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მოგების შემდეგ, კლოპმა გულშემატკივარს არც შიდა სათასო ტურნირებზე დასწყვიტა გული და 2-ჯერ ლიგის (2022, 2024), თითოჯერ კი ასოციაციის თასი (2022) და ქომუნითი შილდსი (2022) მოიგო.