იურგენ კლოპი, არნე სლოტი
Aa
Aa

ხვალ ლივერპულში კლოპს დაემშვიდობებიან

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელმაც „ლივერპულში“ ნამდვილი ეპოქა შექმნა, ხვალ „წითლების“ თავკაცის რანგში ბოლო შეხვედრას ჩაატარებს და მის ადგილს „ფეიენოორდის“ დამრიგებელი არნე სლოტი დაიკავებს. 56 წლის გერმანელი სპეციალისტის ბოლო მერსისაიდული სეზონი ისეთი ვერ გამოვიდა, როგორც მისი კარიერა ამ გუნდში, რადგან ლივერპულელები წელს უტიტულოდ ასრულებენ და „ვულვზთან“ გასამართ უკანასკნელი ტურის შეხვედრას არანაირი სატურნირო დატვირთვა აღარ გააჩნია.

ინგლისის პრემიერ ლიგაში „წითლები“ თითქმის მთელი სეზონის მანძილზე „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალს“ სერიოზულ კონკურენციას უწევდნენ, თუმცა აპრილიდან მოყოლებული სერიოზული ჩავარდნა დაეწყოთ, უკანასკნელი შვიდი ტურიდან მხოლოდ ორში გაიმარჯვეს და საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდნენ. ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა „ლივერპულმა“ ინგლისის ასოციაციის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე და ერთადერთი ტურნირი, რომელიც წელს მოიგო ქვეყნის ლიგის თასია, სადაც გადამწყვეტ შეხვედრაში „ჩელსის“ ვირჯილ ვან დეიკის გოლით აჯობა.

კლოპი „ლივერპულს“ სათავეში 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაუდგა და კლუბს რვა ტიტული მოაპოვებინა. სწორედ მის სახელს უკავშირდება გუნდის ევროასპარეზზე უმაღლეს მწვერვალზე დაბრუნება - 2019 წელს მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგა „ტოტენჰემის“ დამარცხებით მოიგეს, რასაც როგორც უეფას სუპერთასზე, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვება მოჰყვა. კიდევ უფრო მეტად გაახარა გერმანელმა მწვრთნელმა გუნდის ფანები მომდევნო სეზონში, როდესაც „ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონი 30-წლიანი პაუზის შემდეგ გახადა. ორი უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მოგების შემდეგ, კლოპმა გულშემატკივარს არც შიდა სათასო ტურნირებზე დასწყვიტა გული და 2-ჯერ ლიგის (2022, 2024), თითოჯერ კი ასოციაციის თასი (2022) და კომუნითი შილდსი (2022) მოიგო.

გუნდური წარმატებების პარალელურად, იურგენ კლოპს „ლივერპულში“ მუშაობისას არც ინდივიდუალური პრიზები დაჰკლებია და მათი უმეტესობა 2019 წელზე მოდის, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა. ამ სეზონის შემდეგ მან როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული პრიზი თითქმის ყველა ვერსიით მოიგო. ინგლისის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მწვრთნელად 2-ჯერ (2020, 2022), თვის საუკეთესო მწვრთნელად კი 10-ჯერ დასახელდა. საერთო ჯამში მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე ჩატარებული 490 მატჩიდან „ლივერპულმა“ 298 მოიგო, 109 ფრედ დაასრულა და 83 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლოტი ლივერპულში კლოპის სახლში იცხოვრებს
სლოტი ლივერპულში კლოპის სახლში იცხოვრებს