შოთა არველაძე, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

აიაქსში მის დაბრუნებას და გოლებს ველი - არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

ამსტერდამის „აიაქსის’’ ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა, რომელმაც ამსტერდამულ კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და იჯარით „მეცში’’ დაბრუნდა, სადაც საოცრად შედეგიანია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ნიდერლანდურ SoccerNews-თან: „ვიდრე „აიაქსთან'' კონტრაქტს გააფორმებდა და კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მჯეროდა, რომ „აიაქსში’’ წარმატების მიღწევა შეეძლო. იმედგაცრუებული ვარ, ვფიქრობ არ მისცეს იმდენად ბევრი შანსი, რომ  მისი საფეხბურთო დონე, საფეხბურთო ხარისხი ეჩვენებინა. ველი როდის დაბრუნდება „აიაქსში'' და გოლებს გაიტანს.

როცა „აიაქსიდან’’ საფრანგეთში წავიდა, მალევე ყოველ მატჩში გოლების გატანა დაიწყო. ველი და მინდა „აიაქსში’’ დაბრუნდეს და „აიაქსისთვის'' გოლები გაიტანოს’’.

შეგახსენებთ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ამსტერდამის „აიაქსმა'' ქართველი ფორვარდი 16 მილიონ ევროდ შეიძინა (ბონუსებით 19 მილიონი), თუმცა ნიდერლანდურ კლუბში ნახევარ სეზონში მხოლოდ 339 წუთი ითამაშა. მას ფორვარდის პოზიციაზე თითქმის არ აყენებდნენ, ფლანგზე ან მეორე ფორვარდად ამწესებდნენ. გარდა ამისა, მეტწილად სკამზე იჯდა, არ ათამაშებდნენ და ის მინიმალური სათამაშო დრო ვერ გამოიყენო იმისთვის, რომ თუნდაც 1 გოლი გაეტანა. რთულია, ასეთ მოცემულობაში პრობლემა ფეხბურთელში ეძებო, ნიდერლანდურ კლუბში მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე არასწორი მიმართულება მისცეს.

გასულ ზამთარში 23 წლის ქართველი თავდამსხმელი იჯარით „მეცში'' დაბრუნდა, ამ სეზონში ლიგა 1-ში 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია რომ ქართველმა თავდამსხმელმა ლიგა 1-ის ბოლო ექვს მატჩში 8 გოლი შეაგდო, ზედიზედ ექვს შეხვედრაში გაიტანა, საოცარ ფორმაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები