ჩავი ერნანდესი, ჟოან ლაპორტა, დეკუ სოუზა
Aa
Aa

დაძაბულობა იზრდება - რამდენი დაუჯდება ბარსელონას ჩავის გაშვება

ესპანეთის ლა ლიგის უკანასკნელ ტურში „ალმერიასთან“ (2:0) მატჩის დასრულების შემდეგ ჩავი ერნანდესის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა კლუბში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ჟოან ლაპორტა უზომოდ გააღიზიანა. თუ აქამდე „ბლაუგრანას“ 61 წლის პრეზიდენტი მას ბოლომდე ენდობოდა და სრულ მხარდაჭერას უცხადებდა, ამჯერად მის განთავისუფლებაზე სრული სერიოზულობით ფიქრობს და სპორტულ დირექტორ დეკუ სოუზასთან კონსულტაციებს გადის.

ცნობილმა კატალონიურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ თუ „ბარსელონა“ ჩავის ახლა დაითხოვს, მისთვის კომპენსაციის სახით 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც კლუბის ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. იანვარში, როდესაც ერნანდესმა თავისი ნებით გადაწყვიტა გადადგომა, ამ ფულზე ის უარს ამბობდა, თუმცა ახლა, როდესაც მის მიმართ დამოკიდებულება მთლიანად შეცვლილია და თან თანამდებობას საკუთარი ნებით არ ტოვებს, რთულად წარმოსადგენია, კომპენსაცია არ მოითხოვოს.

რამდენიმე დღის წინ, „ბარსას“ დამრიგებელმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი გუნდი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, რის გამოც ზაფხულში გაძლიერება რამდენად მოხერხდება არ იცის და შესაბამისად, „რეალისთვის“ კონკურენციის გაწევა კიდევ უფრო გაუჭირდებათ, რამაც როგორც ჩანს, ლაპორტა წყობიდან გამოიყვანა. ჩავი ერნანდესი „ასულგრანას“ 2021 წლის 6 ნოემბრიდან ამზადებს და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 243 მატჩიდან კატალონიელებმა 155 მოიგეს, 41 ფრედ დაასრულეს და 47 წააგეს. ერნანდესმა მშობლიურ გუნდს მწვრთნელის ამპლუაში ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავის კომენტარმა სიტუაცია არია - კლუბი მის დათხოვნას გეგმავს
ჩავის კომენტარმა სიტუაცია არია - კლუბი მის დათხოვნას გეგმავს