„მინდა რომ დარჩეს, მაგრამ... | რიერა დავითაშვილის ტრანსფერზე
საფრანგეთის ლიგა 2-ში სეზონი „ბორდომ“ 50 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟირონდელებმა ვერც ელიტის საგზური მოიპოვეს და არც ქვედა ლიგაში არ დაქვეითებულან. ასეთი ცუდი შედეგიდან გამომდინარე უკვე ცხადია, რომ კლუბს წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნება გაუჭირდება და მათ შორის უპირველესად 8 ბურთისა და ამდენივე საგოლე გადაცემის ავტორს ზურიკო დავითაშვილს მოიხსენიებენ, რომელმაც გუშინ ბოლო ტურის შეხვედრაში „პოსთან“ 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი შეასრულა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე საკმაოდ საინტერესოდ „ბორდოს“ ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ ისაუბრა.
რა თქვა რიერამ
დარჩება თუ არა ზურიკო? ამ ეტაპზე ამის შესახებ ზუსტად არაფერი ვიცი. მე ძალიან მინდა რომ დარჩეს, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერს ფინანსები წყვეტს. დავითაშვილს იმდენად კარგი სეზონი ჰქონდა, რომ მისი სამსახურით ბევრი მაღალი დონის კლუბი დაინტერესდება. ჩემი მოვალეობაა ნებისმიერი ფეხბურთელი „ბორდოში“ თამაშისას ისე გაიხსნას, რომ თუ ჩვენთან 10-15 წელი ვერ დარჩება, მისი გასხვისებით კლუბმა სერიოზული ეკონომიკური სარგებელი მაინც მიიღოს. მგონი, ზურიკოს შემთხვევაში ამ მხრივ მიზანი მიღწეულია, დანარჩენზე კი მოგვიანებით ვისაუბროთ.
„ბორდოში“ გადასვლამდე დავითაშვილი სხვადასხვა დროს თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“, ყაზანის „რუბინის“, ვოლგოგრადის „როტორის“, ტულას „არსენალისა“ და ბათუმის “დინამოს“ ღირსებას იცავდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 34 მატჩში მის ანგარიშზე 6 გოლია.