„ხვიჩას მარადონასთან შედარება შეცდომა იყო“ - ნაპოლის ლეგენდის შეფასება
იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე უკვე ცნობილია, რომ „ნაპოლი“ წლევანდელ სეზონს საუკეთესო შემთხვევაში მერვე ადგილზე დაასრულებს, რაც იმ გუნდისთვის, რომელიც შარშან სკუდეტოს მფლობელი გახდა, ბუნებრივია, რომ ძალიან ცუდი შედეგია. იტალიელი ჟურნალისტები „პარტენოპეის“ ჩავარდნის მიზეზებზე ამ გუნდის ყოფილ მოთამაშეებსა და მწვრთნელებს ბევრს ეკითხებიან, მათი ერთ-ერთი ბოლო რესპოდენტი კი ოტავიო ბიანკი გახლდათ, რომელიც დიეგო მარადონას თამაშის დროს წვრთნიდა „ნაპოლის“ და მისი გუნდი საკმაოდ წარმატებული იყო. ბიანკიმ სხვა თემებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
რა თქვა ოტავიომ ხვიჩაზე
„ნაპოლის“ წლევანდელ წარუმატებელ გამოსვლაში რომ კვარაცხელიას ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვის, ეს „ფიორენტინასთან“ მატჩმაც დაადასტურა, სადაც მან საჯარიმო დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ - როგორც ფანების, ასევე ჟურნალისტების მხრიდან შეცდომა იყო მისი დიეგო მარადონასთან შედარება და კვარადონად მოხსენიება. ამხელა ტვირთს არამარტო ხვიჩა, არამედ მასზე გაცილებით ასაკოვანი და გამოცდილი ფეხბურთელიც ვერ ატარებდა. ვინ უნდა დაინიშნოს გუნდის მთავარ მწვრთნელად? არ ვიცი, გააჩნია რა მიზნებს უსახავს ფეხბურთელებს მომავალ სეზონში აურელიო დე ლაურენტისი.
ოტავიო ბიანკი ნეაპოლურ გუნდს სათავეში 1985-1989 წლებში ედგა და მისი მთავარი მწვრთნელობის პერიოდში „პარტენოპეიმ“ ერთხელ თითოჯერ სერია A (1987), იტალიის თასი (1987) და უეფას თასი (1989) მოიგო.