„ნაპოლიში კატასტროფა დამხვდა“ | რა თქვა კალცონამ ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ „ფიორენტინასთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. კალცონამ განაცხადა, რომ „პარტენოპეიში“ კატასტროფული სიტუაცია დახვდა და პრობლემები ვერ გამოასწორა, რის გამოც, ბოდიში მოიხადა.
„დეტალებს არ ჩავუღრმავდები. გუნდში სიტუაციის გამოსასწორებლად დამიძახეს, რაც არ გამომივიდა და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მე-9 ადგილზე მყოფი გუნდი ჩავიბარე და ყველანი ხედავთ, ახლა სად ვართ.
ნაპოლის ქომაგი ვარ და ბოდიშს ვიხდი, რომ ვერაფერი შევცვალე. პარტენოპეის პრობლემები აქვს და მათი გადაჭრის გზები ვერ ვიპოვე. ეს ჩემი ბრალია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ გუნდში ჩემი მოსვლიდან ერთი კვირა არ იყო გასული, რომ არეულობა სააშკარაოზე გამოვიდა.
ერთადერთი არ უნდა ვიყო, ვინც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. არ ველოდებოდი, რომ ნაპოლიში ასეთი პრობლემები დამხვდებოდა. არ ველოდებოდი, რომ კატასტროფა დამხვდებოდა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. მხოლოდ მინდორზე განვითარებულ მოვლენებსა და ჩემს სამსახურზე უნდა მეფიქრა, მაგრამ ბევრი სხვა რაღაცის გაკეთება მომიწია და ამაზე არავინ არაფერი მითხრა. ალბათ, სათანადოდ ვერ დავაფასე გუნდში რა სიტუაცია შეიძლებოდა ყოფილიყო“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 37 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 52 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ ბოლო შეხვედრას 26 მაისს გამართავს და საკუთარ კედლებში „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.