„ერთი ყველას წინააღმდეგ“ | როგორ შეაფასეს იტალიაში კვარაცხელიას თამაში
იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და ქართველმა ფეხბურთელმა მაგარი გოლი გაიტანა. 57-ე წუთზე, „კვარამ“ ულამაზესი ჯარიმა შეაგდო და იტალიური გამოცემებისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა.
Calcionapoli24: „დე ლაურენტისმა პრესკონფერენციაზე მისი გვარი არასწორად წარმოთქვა, მე-13 წუთზე შანსი ვერ გამოიყენა, რამდენიმე წამის შემდეგ კი კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა. არ დანებდა და დრიბლინგი განაგრძო. დოდოს მისი შეჩერება უჭირდა. ერთი იყო ყველას წინააღმდეგ. ფეხებში ბევრჯერ მოხვდა და მისი ჯარიმა ნამდვილი ბრილიანტი იყო. ბატონი კრავასტელია... კონტრაქტს პატივი უნდა ვცეთ და ბლა ბლა ბლა (ბოლო წინადადება დე ლაურენტისის განცხადებისა და მის მიერ გვარის არასწორად წარმოთქმის გამოხმაურება გახლავთ).
Tuttonapoli: „კარგად დაიწყო. მეტოქის საჯარიმოში შესვლასა და დარტყმებისთვის საჭირო მომენტის პოვნას ცდილობდა. ანგარიში ჯარიმით გაათანაბრა, რომელიც ნამდვილი ბრილიანტი იყო“.
Tuttomercatoweb: „პირველ ტაიმში ისედაც აქტიური კვარაცხელია ნაპოლის ყველაზე ცოცხალი შემტევი იყო. მეორე ნახევარში, მან ანგარიშის გამათანაბრებელი ძლიერი და ელეგანტური ჯარიმა გამოიგონა“.
Calciomercato: „ბირაგის ჯარიმას უფრო ლამაზი ჯარიმით უპასუხა და ბურთი ისეთი ტრაექტორიით გაუშვა, ტერაჩანოს თვალის დევნების გარდა, აღარაფერი დარჩენოდა. ეს არის ეპიზოდი, რომელმაც ნაპოლის ევროპული ოცნება შეუნარჩუნა“.
Eurosport: „პირველი 20 წუთი მაღალ დონეზე ითამაშა და ერთ ეპიზოდში გოლის გატანასთან ახლოს იყო. შემდეგ დოდოსთან შეკამათების გამო, ანერვიულდა. მისი ჯარიმა, რომლითაც ანგარიში 2:2 გახდა, პოზიტიური საღამოს დასტურია“.
Calcionapoli1926: „თამაში შეპყრობილივით დაიწყო და ასე გააგრძელა მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულად ურტყამდნენ. შემდეგ იყო ჯარიმა - გასროლა, რომელიც მისი ბრწყინვალე გამოსვლის დასტური გახლდათ“.
Areanapoli: „ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია და ქართველ გარემარბს ჯარიმებიდან საოცარი გოლების გატანაც შეუძლია“.
Mondonapoli: „ძლიერი მცველების წინააღმდეგ, კატასტროფული მსაჯობის წინააღმდეგ და არბიტრი, რომელმაც კინაღამ მისი თამაში გაანადგურა. მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და საოცარი ჯარიმა გაიტანა“.
ცნობისთვის, სტატისტიკურმა სააგენტოებმა, Whoscored-მა და Sofascore-მა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. Whoscored-მა 7.7 ქულა დაუწერა, Sofascore-მა - 7.8