ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას შედევრი ფლორენციაში | ნაპოლის ფრე ფიორენტინასთან

იტალიის სერია A-ს ბოლოსწინა, 37-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „ფიორენტინას“ შეხვდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. ნეაპოლური გუნდის 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა - კვარას აქტიურობის შედეგად მასპინძლების კართან კუთხური დაინიშნა, საიდანაც მატეო პოლიტანოს ჩაწოდების შემდეგ გოლი ამირ რაჰმანიმ გაიტანა. ძალიან მალე, სამწუთიან ინტერვალში, „ნაპოლის“ 77-ე ნომერი ფლორენციული კლუბის კარს სამჯერ დაემუქრა, თუმცა მის დარტყმებს ხან ძალა, ხან კი სიზუსტე აკლდებოდა.

მასპინძლებმა წონასწორობა მე-40 წუთზე კრისტიანო ბირაგის მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით აღადგინეს. ამ გოლიდან ერთ წუთში მოედნის ცენტრში უხეშობისთვის არბიტრმა მატეო მარკეტიმ ხვიჩას ყვითელი ბარათი უჩვენა. 42-ე წუთზე მ’ბალა ნზოლამ დაცვაში ნეაპოლელთა შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა და „ვიოლა“ დააწინაურა.

მეორე ტაიმის სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და კვარაცხელიას ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრეს - 57-ე წუთზე ხვიჩამ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო გამოიყენა და  მიმდინარე ჩემპიონატში მე-11 ბურთი გაიტანა. კვარა დარჩენილ დროშიც ძალიან სასარგებლო იყო და 83-ე წუთზე მის წინააღმდეგ უხეშობისთვის როლანდო მადრაგორა გააფრთხილეს. ამ მომენტიდან ზუსტად სამ წუთში კი ის იესპერ ლინდსტრომმა შეცვალა.

ოცდაჩვიდმეტი თამაშის შემდეგ „ნაპოლის“ 52 ქულა აქვს დ სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე იმყოფება. იტალიის წლევანდელი პირველობა 38-ე ტურის შეხვედრებით მომდევნო შაბათ-კვირას დასრულდება და „პარტენოპეი“ გათამაშებას „ლეჩესთან“ საშინაო მატჩით დაამთავრებს. კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 44 შეხვედრაში 11 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„როცა გავიფორმეთ, ყველა ამბობდა, ეს ვინ არისო“ | დე ლაურენტისი კვარაზე
„როცა გავიფორმეთ, ყველა ამბობდა, ეს ვინ არისო“ | დე ლაურენტისი კვარაზე