ლეხში ანაზღაურებად შვებულებაშია - კვეკვესკირზე ცუდი ტონით საუბრობენ
მართალია პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ ორი ტურია დარჩენილი, თუმცა „ლეხის“ ფანების ვებ-გვერდზე უკვე დაიწერა ვრცელი სტატია და წლევანდელი სეზონი კატასტროფულად არის შეფასებული. კრიტიკის ობიექტი საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გახდა და სამწუხაროდ, მათ შორისაა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლოზ კვეკვესკირი, რომელზეც საკმაოდ ცუდი ტონით საუბრობენ.
რა წერია კვეკვესკირზე
ქართველი წლებია პოზნანში ანაზღაურებად შვებულებაშია და მას „ლეხთან“ ერთად ტიტულების მოგება კი არა, არამედ სულ სხვა პრიორიტეტები აქვს. 32 წლის ნახევარმცველი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კლუბთან ახალი და სარფიანი კონტრაქტი გააფორმა, თავს უკვე ზედიზედ მესამე მწვრთნელს ვერ აწონებს და ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ზაფხულში „ლეხი“ და მისი ახალი მთავარი მწვრთნელი მაქსიმალურად შეეცდება მაღალანაზღაურებადი და ამ ბოლო დროს პოპულარული „კვეკვესგან“, რომელსაც ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით აკავშირებს, განთავისუფლდეს და ის სხვა მოთამაშით ჩანაცვლდეს. რა არის მისი მთავარი მინუსი? ნელა მოძრაობს და ცოტას დარბის, „ლეხის“ სათამაშო ტაქტიკა კი მომავალ სეზონში ინტენსიურობაზე იქნება დამყარებული.
კვეკვესკირი „ლეხში“ 2021 წლიდან გამოდის და ამპლუით ცენტრალურმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე გამართულ 115 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. საკლუბო კარიერის მანძილზე სხვადასხვა დროს ზუგდიდის „ბაიაში“, თბილისის “დინამოში“, ცხინვალის “სპარტაკში“, გორის „დილაში“, ბაქოს “ინტერში“, „გაბალასა“ და კუსტანაის „ტობოლში“ უთამაშია. საქართველოს ეროვნულ გუნდში მისი მომდევნო საიუბილეო, მე-60 იქნება.