„არც ბარახა ადარდებს და არც მამარდა“ | ჟურნალისტმა ვალენსიას მფლობელი გააკრიტიკა
Cadena Ser-ის ჟურნალისტმა, ხოსე მანუელ ალემანიმ „ვალენსიას“ მფლობელი, პიტერ ლიმი გააკრიტიკა. ალემანიმ განაცხადა, რომ სინგაპურელ ბიზნესმენს „ღამურების“ საფეხბურთო პროექტი არაფრად ადარდებს და მხოლოდ ფულზე ფიქრობს.
„ლიმმა რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ რუბენ ბარახა, გიორგი მამარდაშვილი და სხვები საერთოდ არ ადარდებს. მას არ აინტერესებს, ისინი მესტალიას დატოვებენ თუ არა. მთავარია, მათ სანაცვლოდ ფული მიიღოს. ლიმი ელოდება, რომ ფეხბურთელები საკუთარი პირობებით გაყიდოს და მხოლოდ ფულზე ფიქრობს“.
გიორგი მამარდაშვილს ბევრი მსურველი ჰყავს და ყველაზე ხშირად „ნიუკასლზე“ იწერება. ბრიტანული და ესპანური გამოცემების მიხედვით, „კაჭკაჭებს“ წამყვანი პოზიციები უკავიათ და „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებების გასამართად მზად არიან. „მამარდას“ გარდა, მათ რადარზე აარონ რამსდეილიც იმყოფება, რომელიც „არსენალის“ საკუთრებაა.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 35 მილიონი ევრო გახლავთ და ლა ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.