გასპერინი დაწინაურდა - ვინ გახდება ნაპოლის ახალი მწვრთნელი?
„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესი ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ჯან პიერო გასპერინი ბოლო კვირაში ნომერ პირველ კანდიდატად ჩამოყალიბდა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, დე ლაურენტისი გასპერინის დაელოდება, რომ მან „ატალანტასთან“ ერთად ევროპა ლიგის ფინალი ითამაშოს, რის შემდეგაც ოფიციალური წინადადებით მიმართავს.
კლუბში გასპერინის სწორი პროფილის მქონე მწვრთნელად თვლიან, რომელიც „ნაპოლიში“ იმ პროექტს ჩაუდგება სათავეში, რომელიც „პარტენოპეის“ სტაბილურობას მოუტანს.
„გასპერინი ახლა სიაში პირველია. მისი პროფილი, რომელიც ნაპოლის აღდგენის გზაზე დახმარებას გაუწევს. კოშმარული სეზონის ბოლოს ცვლილებები იგეგმება“.
- წერს Corriere dello Sport-ი.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე განიხილებოდა და მას ფავორიტადაც ასახელებდნენ, თუმცა ბოლო შვიდ დღეში მოვლენები შეიცვალა და გასპერინი ამ მომენტისთვის დე ლაურენტისისთვის პრიორიტეტული ვარიანტია.
შეგახსენებთ, რომ გასპერინი უპირატესობას 4-3-2-1 სქემას ანიჭებს, რომელშიც იტალიური პრესის ვარაუდით არც ოსიმენი ჩაჯდება და არც კვარაცხელია. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ იტალიური პრესის ვარაუდია.