ჩავის კომენტარმა სიტუაცია არია - კლუბი მის დათხოვნას გეგმავს
„ბარსელონაში“ მოვლენები რადიკალურად იცვლება და თუ ჩავი ერნანდესი გუნდში კიდევ მინიმუმ 1 წლით რჩებოდა, ამ მომენტისთვის კი კლუბის პრეზიდენტი აზრის შეცვლასთან ახლოსაა.
Mundo Deportivo-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა ჩავის ბოლო პრესკონფერენციით უკმაყოფილო დარჩა. მწვრთნელმა „ალმერიასთან“ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა და ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერების იმედი დიდად არ აქვს, რაც ახალი სეზონისთვის კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას ხელს შეუშლის.
„ბარსას ქომაგებს უნდა ესმოდეთ, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, განსაკუთრებით ეკონომიკურ დონეზე. ურთულესი იქნება კონკურენცია გავუწიოთ ისეთ კლუბებს, როგორიც მადრიდის რეალია, ასევე სხვა ევროპულ გრანდებს. ამჟამად ასეთი სიტუაციაა და ვერაფერს ვიზამთ, განსხვავებით 25 წლის წინანდელთან შედარებით, როცა მწვრთნელი ამბობდა, რომ ესა და ეს მოთამაშე სურდა“.
- თქვა ჩავიმ.
წყარო აღნიშნავს, რომ ლაპორტა გაბრაზებულია, რადგან ჩავიმ კლუბის პროექტის მიმართ ნდობა გამოთქვა. მიზნად ახალი სეზონიდან ყველა ტიტულისთვის ბრძოლა დაისახა, ახლა კი თავისივე სიტყვას აღარ ენდობა. „ბლაუგრანას“ დირექტორთა საბჭო პრეზიდენტის დარწმუნებას ცდილობს, რომ ჩავი რაც შეიძლება სწრაფად დაითხოვონ.
ჩავიმ ამ ამბების შემდეგ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და სიტუაციის განმუხტვა სცადა.
„ჩვენი ურთიერთობა არ შეცვლილა, ყველაფერი კარგადაა. მე ვთქვი რასაც მართლა ვფიქრობ. ჩვენ ყველა ტიტულისთვის ვიბრძვით, ამბიციით და ენთუზიაზმით ვარ სავსე, მაგრამ სიტუაცია არ არის მარტივი და ეს რეალობას არ ცვლის.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში ბარსელონას მწვრთნელი ვიქნები. იმედი მაქვს და კვლავაც მაქვს ამ კლუბში მუშაობის პატივი. ტიტულების მოგების ამბიციები მაქვს, მაგრამ სიტუაცია საუკეთესო არ არის, თუმცა მის გასაუმჯობესებლად ვმუშაობთ.
მე მშვიდი და ენთუზიაზმით აღსავსე ვარ - აი, რა შეტყობინება გადავეცი პრეზიდენტს ლაპორტას და დეკუს. ჩვენ უკვე ვგეგმავთ მათთან ერთად მომავალ სეზონს“.
ამჟამად სიტუაცია ასეთია: კლუბის ხელმძღვანელთა უმრავლესობას ჩავის დათხოვნა სურს, თავად ჩავი კი წასვლას არ აპირებს, მაგრამ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ოპტიმიზმი დიდად არ ეტყობა. ყველაფერს ლაპორტა და დეკუ გადაწყვეტენ.