„როცა გავიფორმეთ, ყველა ამბობდა, ეს ვინ არისო“ | დე ლაურენტისი კვარაზე
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი თემა ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ და დე ლაურენტისმა ქართველ ფეხბურთელზე ილაპარაკა.
„როცა კვარა გავიფორმე, ყველა ამბობდა: „კი მაგრამ, ეს ვინაა“. იგივე მოხდა, რაც ედინსონ კავანის შემთხვევაში. ჩემი მოკვლა უნდოდათ, რადგან კვალიარელა იუვენტუსში გავუშვი და კავანი დავიმატე. შემდეგ, ხვიჩამ პირველ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და უეცრად ყველასა და ყველაფრის კერპი გახდა.
ისეთ შთაბეჭდილებას ქმნით, თითქოს არ გვინდა, რომ ფული გადავიხადოთ. როცა ჩვენ შევუწყვეთ ხელი, რომ აფეთქებულიყო და ჩვენ გვქონდა ინტუიცია, რომ წარმატებას მიაღწევდა. კონტრაქტებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თქვენ მათ ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ. ათას სისულელეს ამბობთ და თქვენთვის არაფრის თქმა არ მინდა, რადგან ჩემს სიტყვებს სხვა ინტერპრეტაციას გაუკეთებთ“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 10 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა (2-ჯერ კი პენალტი მოიპოვა). ჩემპიონთა ლიგაზე მან 8 მატჩში ერთი ასისტი გაიფორმა.