ზედიზედ მეექვსედ - დინამო წყალბურთში საქართველოს ჩემპიონია
წყალბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული „დინამო თბილისი“ გახდა. დეიან სტანოიევიჩის მომზადებულმა გუნდმა სპორტკომპლექს „ოლიმპიკის“ აუზზე გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში „არენა“ ათბურთიანი სხვაობით, 18:8 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ფინალში ყველაზე შედეგიანი საბა ტყეშელაშვილი იყო, რომლის ანგარიშზეც 5 გოლია. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო წყალბურთელად კი „დინამოს“ სერბი ლეგიონერი ბორის ვაპენსკი აღიარეს.
ეროვნულ პირველობაზე ექვსი გუნდი მონაწილეობდა და რეგულარული ეტაპის დასრულების შემდეგ, შეჯიბრება პლეი ოფის პრინციპით გაგრძელდა. დღეს ფინალის გარდა ასევე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის და ბრინჯაოს პრიზიორი „სპორტმენეჯმენტი“ გახდა, რომელმაც „თბილისს“ 11:7 აჯობა.
შიდა ჩემპიონატისგან განსხვავებით, საქართველოს 6-გზის ჩემპიონისთვის საერთაშორისო ასპარეზზე წლევანდელი სეზონი წარუმატებელი აღმოჩნდა. კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფში ყველა თამაში წააგეს, რის შემდეგაც რანგით დაბალ შეჯიბრებაში, ევროთასზე გადაერთვნენ. თუმცა, „დინამო თბილისი“ ხორვატიის „პრიმორიესთან“ სტუმრად ერთი, შინ კი ხუთბურთიანი სხვაობით დამარცხდა და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.