ვის აქვს ყველაზე დიდი გავლენა გუნდზე | რომელ ადგილზეა კვარა სერია A-ში?
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთი გუნდების თამაშზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ. CIES-მა ფეხბურთელებისთვის კოეფიციენტების მისანიჭებლად სამი მაჩვენებელი გამოიყენა: შიდა ჩემპიონატებში ნათამაშები წუთები, გუნდების შედეგები და ფეხბურთელთა მაჩვენებელი 6 სტატისტიკურ გრაფაში (ესენია დაცვითი ინდექსი, პასების განაწილების ინდექსი, მეტოქეზე წასვლის ინდექსი, შექმნილი შანსების ინდექსი, ფინიშინგის ინდექსი, საჰაერო ორთაბრძოლების ინდექსი).
CIES-ის მიხედვით, სერია A-ში ყველაზე დიდი გავლენა ჰაკან ჩალჰანოღლუს აქვს, რომელსაც ლაუტარო მარტინესი და მარკუს ტურამი მოჰყვებიან. რაფაელ ლეაუ მე-4 პოზიციას იკავებს, ხოლო ხუთეულს ჰენრიხ მხითარიანი ასრულებს. „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მე-16 ადგილს იკავებს.
„კვარას“ გარდა, ტოპ 20-ში „პარტენოპეის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი მოხვდა. CIES-ის კოეფიციენტის მიხედვით, „ნაპოლის“ თამაშზე ქართველ ფეხბურთელზე დიდი გავლენა მატეო პოლიტანოს აქვს. კვარაცხელიას მაჩვენებელი 72.7 გახლავთ, პოლიტანოსი - 74.5 და მატეო რეიტინგში მე-9 ადგილზეა.
საერთო რეიტინგს რაც შეეხება, CIES-ის მაჩვენებლით ყველაზე დიდ გავლენას საკუთარ გუნდზე როდრი ახდენს (მანჩესტერ სიტი), მეორე პოზიციას გრანიტ ჯაკა იკავებს (ლევერკუზენი), მესამეზე მარტინ ოდეგორს ვხედავთ (არსენალი), მეოთხეზე - ფლორიან ვირცს (ლევერკუზენი), მეხუთეზე კი ტონი კროოსს (რეალი).