„სიმართლეს არ ამბობს“ | რა თქვეს ნიდერლანდებში მიქაუტაძის განცხადებაზე
ნიდერლანდურმა გამოცემამ, Voetbal International-მა სტატია გამოაქვეყნა და გიორგი მიქაუტაძის მიერ „აიაქსზე“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. აპრილში, L’Equipe-თან საუბრისას, ქართველმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ამსტერდამული კლუბი ბინის მოძებნაში არ დაეხმარა, ორი თვის განმავლობაში სასტუმროში მარტო იმყოფებოდა და წინსვლისთვის საჭირო პირობები არ შეუქმნეს.
Voetbal International-მა Eurotalents Sportmanagement-ის (საფეხბურთო სააგენტო, რომელიც ნიდერლანდურ კლუბებთან თანამშრომლობს და ფეხბურთელებს ეხმარება) მფლობელის, ედვინ პრესერის კომენტარი მოიყვანა. პრესერმა მიქაუტაძეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება.
„სამწუხაროდ, მის მიერ მოყოლილ ისტორიაში ბევრ სიმართლეს ვერ აღმოაჩენთ. როცა მიქაუტაძე აიაქსში გადავიდა, ამსტერდამული კლუბის რამდენიმე წარმომადგენელთან გვქონდა კონტაქტი, რათა ერთიანი ძალებით დავხმარებოდით.
ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი, იონ ვან ლუნი, რომელიც აიაქსის ყოფილი თავდამსხმელია, მზად იყო, მას დახმარებოდა. ლუნს მშვენივრად მოეხსენება აიაქსში წარმატების მისაღწევად საჭირო რა არის და თან ჩემმა გერმა ქართული ძალიან კარგად იცის, მაგრამ მიქაუტაძეს უნდოდა, ყველაფერი თვითონ გაეკეთებინა და მარტო ყოფილიყო. უსამართლობაა, რომ აიაქსში წარმატების მიღწევის სურვილი არ ჰქონდა და ახლა ამსტერდამულ კლუბს აკრიტიკებს“.
Voetbal International-მა ზემოთ ხსენებული ლუნის სიტყვებიც მოიყვანა: „ვარჯიშის შემდეგ, ვკითხე, მისთვის რამის გაკეთება ხომ არ შეგვეძლო. გვინდოდა, ქართულ რესტორანში წავსულიყავით, რაზეც მისგან თანხმობა მივიღეთ, მაგრამ საბოლოოდ, მიქაუტაძე ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულა. ყველაფერი შევთავაზეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ არაფერი გამოვიდა“.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე იანვარში ყოფილ გუნდში, „მეცში“ დაბრუნდა და ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ქართველი ფეხბურთელით რამდენიმე კლუბი ინტერესდება და პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ „აიაქსში“ დაბრუნდეს.