„მოვალ და ორივე ყურს აგახევ“ - ალეგრი ჟურნალისტს დაუპირისპირდა
იტალიის თასის ფინალში ტურინის „იუვენტუსმა“ დუშან ვლაჰოვიჩის გოლით „ატალანტა“ 1:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ტურინული გუნდის მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი სკანდალში გაეხვა. იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, ალეგრი ამავე გამოცემის რედაქტორს, გვიდო ვაჩაგოს დაემუქრა.
Tuttosport-ის რედაქტორი წერს, რომ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალი ალეგრი მას სიტყვიერად დაუპირისპირდა და დაემუქრა.
რას ამბობს გვიდო ვაჩაგო:
„რაღაცით აშკარად უკმაყოფილო ალეგრის თავისი ტრიუმფალური საღამოს ბოლო ვალდებულება უნდა შეესრულებინა და პრესკონფერენციაზე შესულიყო, თუმცა, მან ჩემთვის რამდენიმე წუთი გამონახა. მან მითხრა: „სულელო რედაქტორო! დიახ, შენ საზიზღარი რედაქტორი ხარ. თქვენს გაზეთში სიმართლე დაწერეთ და არა ის, რასაც კლუბები გეუბნებიან! შეწყვიტე კლუბებთან ფლირტი!“
„მე შევთავაზე, რომ დამშვიდებულიყო და ამეხსნა, თუ რა იყო სიმართლე, მაგრამ ჩემს პირველივე შეთავაზებაზე ალეგრიმ მიბიძგა, ცხვირის ქვეშ თითი დამადო და მიყვირა: „მისმინე, ვიცი, სადაც უნდა გეძებო. მოვალ და ორივე ყურს აგახევ. მოვალ და სახეში დაგარტყამ. გაზეთში სიმართლე დაწერეთ“. ამის გარდა, მან კიდევ ბევრი სასაცილო სიტყვა გამოიყენა ბარში მოჩხუბრის სულისკვეთებით“.
„ალეგრი იუვენტუსის პრესსამსახურმა, გაბრიელა რავიზოტიმ და სერია A-ს თანამშრომლებმა გაიყვანეს და საპრესკონფერენციოში შეიყვანეს. სულ ეს იყო... თანავუგრძნობ მათ, ვინც უფრო სისხლიან დაპირისპირებას მოელოდა, მას კი თანავუგრძნობ, როგორც ჩანს არ იცის, საჯაროდ როგორ უნდა მოიქცეს.“
ცნობისთვის, მასიმილიანო ალეგრი იტალიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც იტალიის თასის მოგება ხუთჯერ შეძლო.