გრიგალაშვილი რეკორდებს და მსოფლიოს ჩემპიონის მესამე ტიტულს შეუტევს
19-დან 22 მაისის ჩათვლით, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც 109 ქვეყნის 677 სპორტსმენი გამოვა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე შედარებით შესუსტებული შემადგენლობით მიემგზავრება, რადგან 90 და 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ლიდერები, ლაშა ბექაური და ილია სულამანიძე ოლიმპიური თამაშებისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან და პლანეტის პირველობას გამოტოვებენ. თუმცა, ქართველ გულშემატკივარს ოქროს მედლის განსაკუთრებული მოლოდინი აქვს, რადგან აბუ-დაბიში გამოვა ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი და შეეცდება მსოფლიოს პირველობაზეც ამდენივე ოქროს მედალი დააგროვოს. გარდა ჩემპიონობისა, ტატო კიდევ რამდენიმე რეკორდის გამეორებას და დამხობას შეეცდება.
ქართველ ძიუდოისტებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ისტორიაში სულ ორია, თემურ ხუბულური (1979, 1981) და ტატო გრიგალაშვილი (2022, 2023), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტურნირის მოგების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება. გრიგალაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც პლანეტის პირველობაზე ზედიზედ სამი ფინალი იჭიდავა და საინტერესოა, რომ სამივე ერთი და იგივე მეტოქესთან. თუ პირველ შემთხვევაში ბელგიელი მატიას კასე მასზე ძლიერი აღმოჩნდა, მომდევნო ორ ფინალში ტატო მოწოდების სიმაღლეზე იყო და მასზე გამოცდილ მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა.
ერთი საერთო აქვთ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ერთ-ერთ მთავარ იმედს ტატოს და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ლეგენდარულ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლერი ხაბელოვს - ისინი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები 23 წლის ასაკში გახდნენ, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში კი ეს ტურნირი ამდენჯერ სხვა არც ერთ ქართველ სპორტსმენს არ აქვს მოგებული. ზედიზედ მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონობით კი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გრიგალაშვილი ლუკა კურტანიძესთან (თავისუფალი ჭიდაობა) ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს და აბუ დაბიში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის შემთხვევაში, სამგზის (2017, 2018, 2019) მსოფლიოს ჩემპიონის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილის მიღწევას გაიმეორებს. ალბათ გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ ერთპიროვნული რეკორდსმენი ამ მხრივ ქართული სპორტის ისტორიაში ლეგენდარული ძალოსანი ლაშა ტალახაძეა, რომელმაც პლანეტის პირველობა მიჯრით ექვსჯერ მოიგო, მთლიანობაში კი მსოფლიოს შვიგზის ჩემპიონია.
გრიგალაშვილის (81 კგ) გარდა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), დიმიტრი გოჩილაიძე (81კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), საბა ინანეიშვილი (+100 კგ), ნინო ლოლაძე (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. დოჰაში ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის პრიზიორობას დასჯერდა, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.