ქართველი სუმოისტების ტრიუმფი აშშ-ში
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირი SUMO OPEN 2024 ქართველი სპორტსმენების ტრიუმფით დამთავრდა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ზურაბ აქუბარდიას ხელმძღვანელობით ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა და ამ შეჯიბრებაზე მონღოლი სუმოისტების ორწლიანი ჰეგემონია დაასრულა.
ქართველებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო შეჯიბრი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, რომლის გადამწყვეტ შეხვედრაშიც ჩვენი ქვეყნის ორი წარმომადგენელი შეხვდა და ბადრი ხატისკაცმა ლაშა ჯელაძე დაამარცხა. აბსოლუტური წონისგან განსხვავებით, ჯელაძე ჩემპიონი გახდა 115 კილოგრამშიც, სადაც გადამწყვეტ ბრძოლაში ეგვიპტელ აბდელრაჰმან ოჰაიდს აჯობა. ამერიკის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი ქართველი სპორტსმენები მედლებით ლეგენდარულმა მონღოლმა სუმოისტმა იჩინოჯომ დააჯილდოვა, რომელიც ტურნირზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.
მომდევნო საერთაშორისო შეჯიბრება, სადაც ქართველი სუმოისტები გამოვლენ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატია, რომელსაც 23 მაისიდან 27 მაისამდე საბერძნეთი უმასპინძლებს.