კიტეს გადამწყვეტი როლი და უარყოფითი ნიშნები - შტურმის სერიოზული დანაკლისი
19 მაისს, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმს“ არსებობის ისტორიაში ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ელის. გრაცელები საკუთარ მოედანზე „კლაგენფურტს“ მიიღებენ და გამარჯვების შემთხვევაში, ავსტრიის ჩემპიონობას ისტორიაში მეოთხედ იზეიმებენ.
სამწუხაროდ, ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს საქართველოს ნაკრებისა და „შტურმის“ ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი. ქართველმა ფეხბურთელმა ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში, ლასკ-ის წინააღმდეგ ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც სეზონში მე-4 აღმოჩნდა და ამის გამო, საჩემპიონო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში კიტეიშვილი „შტურმის“ ერთ-ერთი მთავარი საკვანძო ფიგურაა. გარდა იმისა, რომ ბოლო შეხვედრებში 28 წლის ნახევარმცველმა გრაცელები წაგებას გადაარჩინა, მოედანზეც წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებს. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ მიმდინარე სეზონში „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში სამჯერ დამარცხდა და ეს სამივე შეხვედრა კიტეიშვილმა სხვადასხვა მიზეზების გამო გამოტოვა. ავსტრიული გამოცემა Weltfussball-ი ამის გამო ქართველ ნახევარმცველს „შტურმის“ უპირობო ლიდერად მოიხსენიებს.
გრაცელები ავსტრიის ჩემპიონები ისტორიაში სამჯერ გახდნენ: პირველად ეს 1995/96 წლების სეზონში შეძლეს, შემდეგ 1998/99 წლებში, ბოლოს კი ჩემპიონობა 2010/11 წლების სეზონში იზეიმეს. შესაბამისად, „შტურმში“ 5-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში კიტეიშვილს პირველად აქვს შანსი, რომ ავსტრიის ჩემპიონი გახდეს, აქამდე კი გუნდთან ერთად მხოლოდ 2 ტიტული მოიგო - ორივეჯერ ავსტრიის თასი.
რაც შეეხება „შტურმის“ მეტოქეს, „კლაგენფურტი“ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ცხრილში 22 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება, ბოლო 5 შეხვედრაში 4-ჯერ დამარცხდა და ერთხელ გაიმარჯვა და აქედან, ზედიზედ სამი მატჩი წააგო.
გრაცის „შტურმი“ უშუალო კონკურენტ „ზალცბურგს“ 2 ქულით უსწრებს. იმ შემთხვევაში, თუ კიტეიშვილის გუნდი ბოლო ტურის შეხვედრას ფრედ ითამაშეს და „ზალცბურგი“ მოიგებს, გუნდებს თანაბარი ქულები ექნებათ, თუმცა, ურთიერთშეხვედრებისა და ბურთების უკეთესი შეფარდების გამო პირველ ადგილზე „ზალცბურგი“ გადაინაცვლებს. შესაბამისად, „კლაგენფურტის“ წინააღმდეგ „შტურმს“ მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.