კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ზინედინ ზიდანი, მარკო ვან ბასტენი, რონალდო, მიშელ პლატინი, იოჰან კროიფი, ალფრედო დი სტეფანო, ეუსებიო, გერდ მიულერი
Aa Aa

ყველაზე წარმატებული ფეხბურთელების ათეული - ვინ რამდენი ინდივიდუალური პრიზი მოიგო

ფეხბურთელებს ხშირ შემთხვევაში იმ ტიტულებით აფასებენ, რომლებსაც ისინი კარიერის მანძილზე სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში იგებენ. თუმცა, ბუნებრივია, ინდივიდუალური პრიზებითაც ფასდებიან. ბევრი კამათი და სჯა-ბაასი მიდის იმის შესახებ, თუ რომელი ინდივიდუალური პრიზი შეიძლება ჩაითვალოს ამა თუ იმ ფეხბურთელის შეფასებისთვის, ამიტომ საჭიროა მათ შორის ყველაზე პრესტიჟულების მხედველობაში მიღება და საუკეთესო ათეულის ამის მიხედვით შედგენა. ქვემოთ მოცემულ მოთამაშეებს შესაძლოა ჩამონათვალში სრულად არ ჰქონდეთ მითითებული ის ჯილდოები, რაც მათ მოიგეს, თუმცა ოფიციალურ ნუსხათა რაოდენობაში სწორედ ეს მონაცემებია შეყვანილი. 

ლიონელ მესი (ბარსელონა, პსჟ, ინტერ მაიამი, არგენტინა) – 52

ლიონელ მესიმ ჯილდოების პირადი კოლექცია 2023 წლის მიწურულს, მერვე „ოქროს ბურთით“ შეავსო, რომელიც მას თორმეტი თვით ადრე არგენტინის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მისცეს, სადაც გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ. რთულია და არც შეიძლება იმ ადამიანებთან კამათი, რომლებიც მას სრულიად ლოგიკურად, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად თვლიან, რადგან ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად ყველა შესაძლო პრიზი მოიგო. მუნდიალზე გამარჯვების შემდეგ კი ის მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე გახდა. მესიმ მრავალჯერ მოიპოვა სხვადასხვა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი, არგენტინაში კი ქვეყნის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო 14-ჯერ მოიგო.

კრიშტიანუ რონალდუ (სპორტინგი, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი, იუვენტუსი, ალ-ნასრი, პორტუგალია) – 32

 

იქ, სადაც მესია, მუდამ ძალიან ახლოს რონალდუა.  „რეალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა სუპერვარსკვლავმა თითქმის ყველა შესაძლო რეკორდი დაამყარა და მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველა დროის ბომბარდირია, რითაც ისეთ ლეგენდებს ჯობნის, როგორებიც პელე და „ელ მონგოლიკო“ არიან. პორტუგალიელი იმედგაცრუებული მხოლოდ იმით უნდა იყოს, რომ ლეოს ეპოქაში მოუწია თამაში, რის გამოც „ოქროს ბურთი“ მხოლოდ ხუთჯერ მოიგო. კარიერის მანძილზე კრიშტიანუ დასახელდა პრემიერ ლიგის, ლა ლიგისა და სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, რაც მის მაღალ კლასზე კიდევ ერთხელ მეტყველებს.

მარკო ვან ბასტენი (აიაქსი, მილანი, ნიდერლანდები) – 20

მისდა საუბედუროდ, მარკო ვან ბასტენი ქრონიკული ტრავმის გამო იძულებული გახდა კარიერა ნაადრევად, 31 წლის ასაკში დაესრულებინა, თუმცა მიუხედავად ამისა, „ოქროს ბურთის“ სამჯერ მოგება მაინც მოასწრო და როგორც ხედავთ, ამ მხრივ მხოლოდ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება. სანამ თამაშობდა, უმეტეს სეზონში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით სარგებლობდა როგორც ნიდერლანდების ნაკრებში, ასევე „აიაქსსა“ და „მილანში“. საინტერესოა, რომ 80-იან წლებში, როდესაც მსოფლიო ფეხბურთში უამრავი ვარსკვლავი იყო, მან ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო პრიზის, „ოქროს ბურთის“ მოგება სამჯერ სულ რაღაც ხუთ წელიწადში მოახერხა.

რონალდო (კრუზეირო, პსვ, ბარსელონა, ინტერი, რეალი, მილანი, კორინთიანსი, ბრაზილია) – 18

 

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა კარიერის განმავლობაში ისეთ გრანდებში თამაშობდა, როგორებიც „მილანი“, „ინტერი“, „ბარსელონა“ და „რეალი“ არიან, რის გამოც გასაკვირი არ არის, რომ ძალიან ბევრი ინდივიდუალური პრიზი აქვს მოგებული. საოცარი სისწრაფისა და ტექნიკურობის ხარჯზე, ის ნებისმიერ მცველს იოლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე უსწორდებოდა. საკლუბო წარმატებებთან ერთად,  მიზანს სანაკრებო ასპარეზზეც მიაღწია და 2002 წელს ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა მისი საოცარი თამაშის წყალობით, მსოფლიოს ჩემპიონატი მეხუთედ და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიგო.

გერდ მიულერი (ნორდლინგენი, ბაიერნი, ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსი, გერმანია) – 18

 

სანამ მის მიღწევებს რობერტ ლევანდოვსკი გააუმჯობესებდა, გერდ მიულერი როგორც „ბაიერნის“, ასევე გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირად ითვლებოდა. ის არაჩვეულებრივი საგოლე ალღოთი არამხოლოდ შინაურ ასპარეზზე, არამედ ჩემპიონთა თასზეც გამოირჩეოდა, სადაც ყველაზე მეტი გოლი ერთბაშად ოთხ სეზონში გაიტანა. ექსპერტები თვლიან, რომ მიულერი გერმანიის ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მის გვერდით მხოლოდ ახლახანს გარდაცვლილ ფრანც ბეკენბაუერს აყენებენ.

ეუსებიო (სპორტინგ მარკესი, ბენფიკა, ბოსტონ მინიტმენი, მონტერეი, ტორონტო ბლიზარდი, ბეირა-მარი, ლას-ვეგას რტუტი, უნიაო დე ტომარი, ნიუ-ჯერსი ამერიკანსი, პორტუგალია) – 17

 

როდესაც პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებაზე მიდგება საქმე, ყველას პირველ რიგში კრიშტიანუ რონალდუ ახსენდება, თუმცა ძალიან ბევრი თვლის, რომ უფრო დიდი კვალი ეუსებიომ დატოვა და თავისი ქვეყნის ფეხბურთის განვითარებაში გაცილებით მეტი წვლილი მას მიუძღვის. 60-იანი წლების არამხოლოდ პორტუგალიური, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა „ბენფიკას“ შემადგენლობაში შიდა პირველობის საუკეთესო ბომბარდირი შვიდჯერ გახდა. გამორჩეული იყო მისი როლი 1966 წლის მუნდიალზე პორტუგალიის ნაკრების წარმატებაში, რომელიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ზინედინ ზიდანი (კაენი, ბორდო, იუვენტუსი, რეალი, საფრანგეთი) – 13

 

ზიდანის პირველი დიდი წარმატება 1998 წელთან ასოცირდება, როდესაც ბრაზილიელებთან ფინალში დუბლი შეასრულა და საფრანგეთის ნაკრები სამშობლოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლებამდე მიიყვანა. ამას მოჰყვა ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის მოგება და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება. თუმცა, მისი სანაკრებო წარმატებები ამით არ დასრულებულა - შეიძლება ითქვას, რომ 2006 წელს პერსონალურად გაიყვანა ფრანგები მუნდიალის ფინალში, სადაც მარკო მატერაციის პროვოკაციას წამოეგო და არბიტრი ორასიო ელისონდო იძულებული გახდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი მოედნიდან გაეძევებინა, რის გამოც „სამფეროვნები“ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ.

მიშელ პლატინი (ნანსი, სტ.ეტიენი, იუვენტუსი, საფრანგეთი) – 12

 

ლეგენდარული ფრანგი გამორჩეული იყო უნიკალური სათამაშო სტილით და ამასთანავე, მისი სათამაშო პოზიციის კვალობაზე, საკმაოდ შედეგიანი გახლდათ. 1984 წელს მან საფრანგეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში პირველად მოაგებინა და შეჯიბრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ეს პერიოდი მის კარიერაში გამორჩეული იყო, რადგან „ოქროს ბურთი“ ზედიზედ სამჯერ მოიგო. დაჯილდოებული იყო ლიდერის თვისებებით და ნებისმიერ დროს შეეძლო თანაგუნდელის აყოლიება, ასეთი მოთამაშის გუნდში ყოფნა კი ნებისმიერი მთავარი მწვრთნელისთვის ნამდვილი ფუფუნებაა. 

ალფრედო დი სტეფანო (რივერ პლეიტი, ურაკანი, მილიონარიოსი, რეალი, ესპანიოლი, არგენტინა/ესპანეთი) – 12

 

50-იანი წლების ბოლოს „ოქროს ბურთის“ პირველი ორი პრიზის მფლობელი სწორედ დი სტეფანო გახდა და ასევე ის ისტორიაში შევიდა როგორც მეოცე საუკუნის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი და ამ ჯილდოსთის ბრძოლაში 1989 წელს მიშელ პლატინის აჯობა. ასევე ცნობილი იყო იმ ფაქტით, რომ არგენტინის ეროვნულ გუნდში თამაშის შემდეგ, ესპანეთის ნაკრებში გამოსვლა გადაწყვიტა და ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

იოჰან კრუიფი (აიაქსი, ბარსელონა, ლოს-ანჯელეს აცტეკსი, ვაშინგტონ დიპლომატსი, ლევანტე, ნიდერლანდები) – 10

 

მართალია მსოფლიოს ყველაზე ბევრი ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი ფეხბურთელების ათეულში ბოლო ადგილზეა, თუმცა იოჰან კრუიფი იყო ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური მოთამაშეა, რომელსაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია. გაუმართლა იმ ადამიანებს ნიდერლანდელის ოსტატური დრიბლინგი და სათამაშო ინტელექტი ცოცხლად რომ ნახეს. 70-იანი წლების დასაწყისში კრუიფმა ოთხ წელიწადში სამჯერ მოიგო „ოქროს ბურთი“ და იმ იშვიათთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელის რანგში მოიგო.

გაზიარება: