კრიშტიანუ რონალდუ, ფაბიო პაიმი
Aa Aa

ფაბიო პაიმი | ბიჭი, რომელსაც რონალდუზე დიდი ნიჭი ჰქონდა

ისეთ დიდებულ ტალანტსაც კი, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა ერთ დროს სჯეროდა, რომ მასზე ნიჭიერი ფეხბურთელი ფაბიო პაიმი იყო.

ახალგაზრდა პორტუგალიელის ნიჭმა ისეთი დიდი კლუბების ინტერესი გამოიწვია, როგორებიც მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალი არიან, თუმცა ახალგაზრდულ ასაკში გამომუშავებულმა ბევრმა ფულმა მას განვითარებაში ხელი შეუშალა.

პაიმის მაგალითი გვიჩვენებს ფეხბურთის სასტიკ რეალობას, როდესაც ნიჭი შრომისმოყვარეობასთან შერწყმული არ არის..

კრიშტიანუ რონალდუ, რა თქმა უნდა, არის ის, ვინც იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთში შრომა. მას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ მხოლოდ ნიჭით ვერაფერს მიაღწევდა და თავი არ დაზოგა, თუმცა მიუხედავად ამისა, ის ამტკიცებდა, რომ 2003 წელს მასზე უკეთესი მოთამაშე არსებობდა.

გამხდარმა თინეიჯერმა მანჩესტერ იუნაიტედში ჩასვლისას ჟურნალისტებს უთხრა: „თუ ფიქრობთ, რომ მე კარგი ფეხბურთელი ვარ, მაშინ უბრალოდ დაელოდეთ ფაბიო პაიმს.“

კარიერის საწყის ეტაპზე პაიმს უფრო აფასებდნენ, ვიდრე კრიშტიანუს და მოუტინიოს, რომელიც ასევე ბრწყინავდა ლისაბონის „სპორტინგის“ აკადემიის რიგებში.

პაიმი ლისაბონური კლუბის აკადემიის ნაწილი იყო და მას უსაზღვროდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა.


რა დაემართა პაიმს?

სინამდვილეში მისი ისტორია საკმაოდ სამწუხაროა. როგორც The Sun 2017 წელს წერდა, პაიმის განვითარება იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მისი გადაბირება მანჩესტერ იუნაიტედს ბარსელონას და მადრიდის რეალს სურდათ. იყო შანსი, რომ ახალგაზრდა ტალანტი „წითელ ეშმაკებში“ გადასულიყო და რონალდუს გვერდით საპირისპირო ფლანგზე ეთამაშა, მაგრამ ასე არ მოხდა.

იცით რა იყო მიზეზი? სპორტინგს მისი გაშვება არ სურდა და საკმაოდ მაღალი ხელფასი შესთავაზეს. ლისაბონელებმა მას კვირაში 18 000 ფუნტი დაუნიშნეს და ეს ყველაფერი მხოლოდ 16 წლის ასაკში. ამის პარალელურად, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ცდილობდა, რომ პორტუგალიის ნაკრების ნაცვლად „მამლები“ აერჩია.

ამხელა ხელფასმა პორტუგალიელ შემტევზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. 2017 წელს Globoesporte-თან ინტერვიუში პაიმმა საჯაროდ განაცხადა:

„მე დავხარჯე ძალიან ბევრი ფული მანქანებში. ზოგადად მანქანები ძალიან მიყვარს და უხვად ვხარჯავდი. ყველა ის მოდელი შევიძინე, რომელიც მინდოდა. ფერარი, ლამბორჯინი, პორშე, მაზერატი და პუნტოც კი. როდესაც ბევრი ფული გაქვს, ამის დამენეჯმენტება უნდა შეგეძლოს და სისტემა ჩამოაყალიბო. სამწუხაროდ მე ეს არ გამომივიდა.

ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. მჯეროდა, რომ სხვა ყველა ფეხბურთელზე ნიჭიერი ვიყავი. ისევე, როგორც ყველას, მეც მინდოდა თავი კარგად და კომფორტულად მეგრძნო. მყოლოდა ლამაზი მანქანა, ჩამეცვა მოდურად და მოვქცეულიყავი თავმდაბლობის გარეშე. ყველაფერი კარგად მიდიოდა და დროს იმათთან ერთად ვატარებდი, ვისთან ერთადაც მინდოდა. ყველაფერი ადვილი იყო, მაგრამ, როდესაც მე ფეხბურთის კარგად თამაში შევწყვიტე მხოლოდ ჩემს მანქანებთან ერთად მინდოდა ყოფნა.“

დადგა 2008 წელი და ფაბიოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნათამაშები პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში. მისით ჩელსი დაინტერესდა და პაიმი იჯარის წესით გადავიდა.

ნიჭიერი გარემარბი ლონდონში შესანიშნავ დროს ატარებდა. ის „არისტოკრატების“ ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა, რომელსაც ბრენდან როჯერსი ხელმძღვანელობდა, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ნაბიჯი სწორი არ გამოდგა. იმის ნაცვლად, რომ პაიმს საფეხბურთო შიმშილი დაებრუნებინა, პირიქით ყველანაირი მოტივაცია დაკარგა და მოგვიანებით აღიარა:

„ჩელსიში ვარჯიში და ჩემი საქმის კეთება შევწყვიტე. სასმელს მივეძალე.. ბევრი ფული მქონდა და დავიწყე ისეთი რაღაცების კეთება, რასაც იქამდე არ ვაკეთებდი. ყველა კარი ღია იყო იმისთვის, რაც მინდოდა, რომ მეკეთებინა.“

პაიმი 1-წლიანი იჯარის დასრულების შემდეგ სპორტინგში დაბრუნდა. ლისაბონელებმა ის ისე გაუშვეს გუნდიდან ,რომ უმაღლეს ლიგაში 1 მატჩი არ ჰქონდა ჩატარებული..

შემდეგ ის მოგზაურად გადაიქცა, რომელიც შვიდ ქვეყანაში 12 სხვადასხვა კლუბში თამაშობდა. ფაბიო ანგოლაში და ლუქსემბურგშიც კი ასპარეზობდა. ლუქსემბურგში ის მეორე დივიზიონის გუნდის უნიონ კაილ-ტეტანჯეს ღირსებას იცავდა და არაპროფესიონალური ქცევის გამო გააგდეს.

კიდევ რამდენიმე კლუბმა მიიწვია პაიმი, თუმცა საბოლოო ჯამში თამაშის საშუალება არ მისცეს. მისი ბოლო კლუბი 2017/2018 წლების სეზონში პორტუგალიური ლეიშოისი იყო. პაიმის კარიერა სევდიანად დასრულდა, რადგან ოდესღაც ძალიან პერსპექტიული პორტუგალიელი ფეხბურთელი ფეხბურთის გულშემატკივრების მხედველობიდან და გონებიდან მთლიანად გაქრა..

ფაბიომ 11-წლიანი კარიერა ისე დაასრულა, რომ ყველა გუნდში ერთად მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, როცა კრიშტიანუ რონალდუს დღეს 800-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ეს ფაქტი კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ალ ნასრის თავდამსხმელი 2003 წელს მწარედ შეცდა.

შესაძლოა ვინმეს დღეს მისი სახელი ახსოვდეს, მაგრამ რთულია იპოვო გულშემატკივარი, რომელიც პაიმის კარიერის შესახებ მოგიყვებათ. ის ნამდვილად არ არის პირველი ფეხბურთელი, რომელზეც ამბობდნენ, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა.

2019 წელს პაიმი ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა გაამართლეს. სამხილები უკანონო მოსმენით იყო მოპოვებული, რაც სასამართლოში დაუშვებელია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ისტორიის დასასრული ბოლომდე სევდიანი არ არის, რადგან პაიმი 2020 წელს სპორტინგის აკადემიაში ბავშვების მწვრთნელად დაბრუნდა. მას თავისუფლად შეუძლია მაგალითი მისცეს ახალგაზრდებს, თუ როგორ არ უნდა გაიფუჭონ საფეხბურთო კარიერა.

ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში პორტუგალიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა:

„გარკვეულ პერიოდში მე რონალდუზე მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ არ მქონდა ის, რაც მას ჰქონდა. ეს არის ძალა, სურვილი და სიყვარული საქმისადმი. კრიშტიანუს საოცარი სამუშაო ეთიკა ჰქონდა და მე არა. საფეხბურთო ხარისხით ვიტრაბახებ, მაგრამ სხვა დანარჩენი არ მქონდა. არავინ იბადება სრულყოფილი. ვფიქრობდი, რომ ნიჭი საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის.“

პაიმმა იმ მწვერვალს ვერ მიაღწია, რასაც მისგან ელოდნენ. მისი დაცემა ნებისმიერი დამწყები ფეხბურთელისთვის მაგალითი უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა რამხელა ნიჭი გაქვს, მაინც წარმოუდგენლად ბევრი უნდა იმუშაო, რომ დიდი ფეხბურთის თამაშის შანსი გქონდეს..!!

გაზიარება: