„კედლები ირყეოდა“ - მბაპემ და ხელაიფიმ იჩხუბეს
Le Parisien-ის ცნობით, კილიან მბაპე და ნასერ ალ ხელაიფი გასულ ტურში ერთმანეთს შეეკამათნენ და როგორც დაიწერა, ეს კამათზე მეტიც იყო.
საქმე ეხება მბაპეს ვიდეოს, რომელშიც ის ქომაგებს დაემშვიდობა და პსჟ-დან წასვლის შესახებ აცნობა. კილიანმა მადლობა გულშემატკივრებს, გუნდელებს და ბევრ ადამიანს გადაუხადა, მაგრამ არა პრეზიდენტ ხელაიფის.
წყაროს ცნობით, ალ-ხელაიფიმ ეს შეურაცხყოფად მიიღო მას შემდეგ, რაც მან მბაპეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი კონტრაქტი გაუფორმა (2022 წელს).
როგორც დაიწერა, ხელაიფიმ მბაპესგან განმარტება მოითხოვა. მათი შეხვედრა კვირას „ტულუზთან“ (1:3) მატჩამდე სულ რაღაც ერთი საათით ადრე „პარკ დე პრენსზე“ შედგა. საბოლოოდ ცალკე ოთახში ისაუბრეს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტმა ხსენებული ვიდეოს განთავსების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა.
წყარო ვარაუდობს, რომ დისკუსია სწრაფად შევიდა ჩიხში და მოხდა ემოციური აფეთქება, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. „კედლები ირყეოდა", - თქვა თვითმხილველმა, რომელიც ხელაიფისა და მბაპეს ჩხუბს შეესწრო.
მბაპეს ალ-ხელაიფის ჩხუბის შედეგად პსჟ-ს ფეხბურთელები გასახურებლად 4 წუთის დაგვიანებით გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ მბაპესა და ნასერს ალ ხელაიფს შორის ურთიერთობა შესამჩნევად 9 თებერვალს გაუარესდა, როდესაც კილიანმა პრეზიდენტს განუცხადა, რომ ის გეგმავდა კონტრაქტის განახლებაზე უარი ეთქვა და პსჟ-ს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა.
ყველაფერი ასე ხდება და კილიანი სრულიად უფასოდ მადრიდის „რეალში“ გადადის.