ობამეიანგის შემცვლელად | მიქაუტაძეს მარსელიც აკვირდება
გიორგი მიქაუტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, „მარსელი“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელს ეძებს, რომელიც დიდი ალბათობით, გუნდს ზაფხულში დატოვებს და ერთ-ერთი კანდიდატი ქართველი ფეხბურთელია.
„პაბლო ლონგორიას (მარსელის პრეზიდენტი) მიქაუტაძის გადაბირება გიორგის აიაქსში გადასვლამდე უნდოდა. მეჰდი ბენატია (მარსელის სპორტული დირექტორი) ტრანსფერზე თანახმაა და სანახავია, მარსელის მომდევნო მწვრთნელი რას გადაწყვეტს. არ ვიცით, მეცი მას გამოისყიდის თუ არა, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მოლაპარაკებები აიაქსთან გაიმართება“, - წერს „მარსელთან“ დაახლოებული ინსაიდერული გამოცემა La Tribune OM-ი.
„მარსელი“ ერთადერთი ფრანგული კლუბი არაა, რომელიც მიქაუტაძეს თვალს ადევნებს. ქართველი თავდამსხმელის საკუთარ რიგებში ხილვით „რენია“ დაინტერესებული. „შავ-წითლებმა“ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვეს, რაც კლუბში სრულ ფიასკოდ მიიჩნიეს და ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში, „სტრასბურგთან“ მატჩში, მიქაუტაძემ ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ლიგა 1-ის რეკორდი დაამყარა. ზამთარში გაფორმებულ ფეხბურთელთა შორის, გიორგი ყველაზე შედეგიანი გახდა (იგულისხმება ერთი სეზონი) და „მეცში“ დაბრუნების შემდეგ, 11 ბურთი შეაგდო, რაც ლიგა 1-ში იანვარში გადასულ მოთამაშეს არასდროს გაუკეთებია.