დე ლაურენტისის შეთავაზება და ჯუღელის მოთხოვნა | Gazzetta კვარას კონტრაქტზე
იტალიურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებული საუბრები არ წყდება. ქართველი ფეხბურთელის აგენტი, მამუკა ჯუღელი ნეაპოლში იმყოფება და La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ხელმძღვანელებსა და „კვარას“ წარმომადგენელს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალებზეა ლაპარაკი.
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა იუწყება, რომ კვარაცხელია „პარტენოპეიში“ დასარჩენად მზადაა, მაგრამ კლუბისგან მკაფიო და წარმატებულ პროექტს ითხოვს. ამასთან, მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე, შეთანხმების მიღწევას კვლავინდებურად ვერ ახერხებენ, რაც ხელფასთან დაკავშირებული წინაღობითაა განპირობებული.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჯუღელმა მოითხოვა, კვარაცხელიას ანაზღაურება 5 მილიონ ევრომდე გაიზარდოს, რასაც ბონუსები უნდა დაემატოს. „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მას კონტრშეთავაზება გაუკეთა და 4 მილიონი ევროს დანიშვნაზე თანხმობა განაცხადა. მხარეები დიალოგს აგრძელებენ, მაგრამ ამ ეტაპზე, საერთო ენას ვერ პოულობენ.
ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელით ევროპული გრანდები ინტერესდებიან და ყველაზე ხშირად „პარი სენ-ჟერმენზე“ იწერება. პსჟ კილიან მბაპეს შემცვლელს ეძებს და „კვარა“ პარიზელთა სიის სათავეში იმყოფება.