დონჩიჩს ნერვებმა უმტყუნა და ანგარიში ვერ გაათანაბრა | ოკლაჰომამ დალასს მოუგო
დასავლეთ კონფერენციის პირველმა ნომერმა, „ოკლაჰომა სითი თანდერმა“ „დალას მავერიქსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. „ოქეისიმ“ სტუმრად გამართული მეორე მატჩი მოიგო და „დალასი“ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.
გამარჯვებულის ბედი მეოთხე მეოთხედში გაირკვა. საფინალო სირენამდე 5 წუთითა და 42 წამით ადრე, „დალასი“ 6 ქულით იგებდა, მაგრამ „ოკლაჰომამ“ გაქცევა მოაწყო და 94:91 დაწინაურდა. შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე ვიხილეთ. „მავერიქსი“ 2 ქულით აგებდა და ლუკა დონჩიჩს საჯარიმოებით ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. სლოვენიელმა 2-დან მხოლოდ 1 საჯარიმო გამოიყენა და „ოქეისიმ“ საქმე ბოლომდე მიიყვანა - 100:96.
„თანდერის“ რიგებში საუკეთესო შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო - 34 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება. ჩეტ ჰოლმგრენმა 18 ქულა გააკეთა, ლუ დორტმა - 17. „დალასის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 21 ქულა პიჯეი ვაშინგტონმა ჩააგდო. დონჩიჩმა 20-დან მხოლოდ 6 სროლა გამოიყენა და 7 დაკარგვა ჰქონდა, მაგრამ სამმაგი დუბლი მიითვალა - 18 ქულა, 12 მოხსნა, 10 ასისტი. კაირი ირვინგმა მატჩი მხოლოდ 9 ქულით დაასრულა.
ცნობისთვის, „დალასისა“ და „ოკლაჰომას“ სერიაში ანგარიში 2:2-ია და მომდევნო მატჩში „თანდერი“ მასპინძლის სტატუსით იქნება. შეხვედრა 16 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 05:30-დან დაიწყება.