დააბრუნეთ უკან ინგლისში - ჰამანის კრიტიკა კეინს
ჰარი კეინი, რომელსაც კარიერის მანძილზე არც ერთი ტიტული არ ჰქონდა მოგებული, გასულ ზაფხულს „ბაიერნში“ იმის იმედით გადავიდა, რომ ამ უსიამოვნო ტრადიციას დაარღვევდა. თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა - „რეკორდმაისტერმა“ თორმეტრწლიანი პაუზის შემდეგ სეზონი ჯილდოს გარეშე პირველად დაასრულა. მართალია კეინს არაჩვეულებრივი სეზონი აქვს და საოცარი შედეგიანობით რამდენიმე რეკორდიც დაამყარა, თუმცა მას კრიტიკოსები მაინც გამოუჩნდნენ. ასეთთა შორისაა ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი დიტმარ ჰამანი, რომელმაც წარსულში „ბაიერნთან“ ერთად უეფას თასი, „ლივერპულის“ რიგებში კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
რა თქვა ჰამანმა
რამდენი ჯილდო მოიგო წელს „ბაიერნმა“? შარშან გუნდმა კეინის გარეშე გაცილებით მეტი ბურთი გაიტანა. ინგლისელს აქვს ძალიან მაღალი ხელფასი და მისი სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს. როგორ ფიქრობთ მის პოზიციაზე 19 წლის ფრანგ ფორვარდს მატის ტელს რომ ეთამაშა ნაკლებს გაიტანდა? არა მგონია. როდესაც ერლინგ ჰოლანდი „ბორუსიადან“ წავიდა, ყველა ამბობდა რომ ამ გუნდს აღარაფერი ეშველებოდა და შარშან კინაღამ ბუნდესლიგა მოიგეს. მერე ჯუდ ბელინგემიც გაუშვეს და წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ. რაში ვადანაშაულებ კეინს? „არსენალთან“ ორივე შეხვედრაში „ბაიერნმა“ კარგად ითამაშა, ის კი ინერტული იყო. იგივე მოხდა „რეალთანაც“ და მადრიდში მე-80 წუთზე ზურგის ტრავმის გამო შეცვლა ითხოვა. რა ვქნა, მისი არ მესმის. გამიმართლა და ბევრი ფინალი მითამაშია, კიდევ უფრო მეტი ნახევარფინალი და არსად მინახავს, ასეთი მნიშვნელობის თამაშიდან, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალს ათი წუთი გაშორებს, რომელიმე მოთამაშეს მოედნიდან გასვლა ეთხოვა. მიუნხენის კლუბის ხელმძღვანელებს ერთ რჩევას მივცემდი - მოითხოვეთ მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო და დააბრუნეთ უკან ინგლისის პრემიერლიგაში.
ჰარი კეინი გერმანიის ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავას 33 ტურში გატანილი 36 გოლით ლიდერობს და უახლოეს მდევარ სერუ გირასის 10 ბურთით უსწრებს. ოცდათექვსმეტ გოლთან ერთად, კეინის ანგარიშზე ჩემპიონატში 8 საგოლე პასიცაა. უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კი კეინს კილიან მბაპესთან ერთად, ყველაზე მეტი 8 ბურთი აქვს გატანილი.