კილიან მბაპე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„სტვენა მბაპეს მიმართ? ის მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს“ - ლუის ენრიკე

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „ტულუზასთან“ 1:3 მარცხის შემდეგ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პარიზული გუნდის გულშემატკივრების მხრიდან ის მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.

რას ამბობს ენრიკე:

„მბაპეს უსტვენდნენ? სიმართლე გითხრათ, ეს არ გამიგია. ტრიბუნებიდან მხოლოდ მხარდასაჭერი შეძახილები, აპლოდისმენტები და სიმღერა მესმოდა. კილიანი ამას უმსახურებდა და როგორც ყოველთვის, გულშემატკივრები შეუდარებლები იყვნენ“.

„ვფიქრობ, მბაპესთან გამომშვიდობება ფანტასტიკური და გულთბილი იყო. კარგია, რომ ფანები ასეთი დონის ფეხბურთელის სამუშაოს ასე სწორად აფასებენ. ეჭვგარეშეა, რომ ასაკის მიუხედავად, ის უკვე პსჟ-ის ლეგენდაა. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ წინ კიდევ რამდენიმე მატჩი აქვს და მათ შორის ერთ-ერთი საფრანგეთის თასის ფინალია“.

„რატომ არ შევცვალე? არ მინდოდა, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც ამას ვაკეთებდი, ჟურნალისტები აურზაურს ტეხდით. ამიტომ გადავწყვიტე მისი დატოვება 90 წუთით, რათა ვინმე არ გამებრაზებინა“.

„ტულუზასთან“ მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგულ მედიაში იწერებოდა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას პარიზელი გულშემატკივრები კილიან მბაპეს მიმართ უკმაყოფილობას გამოთქვამდნენ და მის ბურთთან ყოველ შეხებას სტვენით ხვდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ტულუზასთან“ მატჩამდე კილიან მბაპემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ სეზონის ბოლოს პარიზული გუნდის რიგებს დატოვებდა. ფრანგი ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან 99%-იანი ალბათობით მადრიდის „რეალში“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები