ჯოვინო ფლამარიონი მესამე ლიგაში დაქვეითდა
ჯოვინო ფლამარიონი, რომელიც საქართველოს Crystalbet ეროვნულ ლიგაში ბოლო სამ სეზონში ორჯერ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი, საფრანგეთის ლიგა 2-დან ქვედა დივიზიონში დაქვეითდა. ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი „ვალენსიენს“ „დინამო ბათუმიდან“ იანვარში შეუერთდა, თუმცა გუნდს ელიტაში ადგილის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ზაფხულში კარიერას სხვა კლუბში განაგრძობს.
27 წლის ფლამარიონმა ვალენსიანელების ღირსება 17-ჯერ დაიცვა, საიდანაც ძირითად შემადგენლობაში თამაში ცამეტ შემთხვევაში დაიწყო, ოთხჯერ კი შეხვედრაში ცვლილებაზე ჩაერთო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ „ვალენსიენმა“ ლიგა 2-ში მოგებული ხუთი თამაშიდან ოთხი მეორე წრეში მოიგო, ანუ მას შემდეგ რაც მათ „დინამო ბათუმის“ ყოფილი ლიდერი შეუერთდა. ჯოვინოსთვის საუკეთესო რამდენიმე კვირის წინ გამართული მატჩი იყო, როდესაც მან და მისმა თანაგუნდელებმა საკუთარ სტადიონზე „გრენობლი“ 2-0 დაამარცხეს, ბრაზილიელმა კი ჯერ თანაგუნდელს საგოლე პასი მიაწოდა, საბოლოო ანგარიში კი თავად დააფიქსირა. გრენობლელების გარდა, მან ერთი ბურთი 6 აპრილს სტუმრად „ანესსაც“ (1:2) გაუტანა, ჯამში კი მის ანგარიშზე 17 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასია.
საფრანგეთის ლიგა 2-ს დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „ვალანსიენი“ 26 ქულით ბოლო ადგილზეა და უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონს რანგით მესამე დივიზიონში დაიწყებს. ჩემპიონატს ფლამარიონი და მისი თანაგუნდელები 17 მაისს სტუმრად „კაენთან“ თამაშით დაასრულებენ.