გადამწყვეტი როლი ითამაშა - ესპანური მედია ბურჯანაძეს აფასებს
მომავალ სეზონში ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას „ლეიმა კორუნიას“ სახით დებიუტანტი ეყოლება. გალისიურმა კლუბმა, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც საქართველოს ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე იყო, რანგით მეორე LEB Oro-ს დივიზიონი დამაჯერებლად მოიგო და ელიტის საგზური არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა. 30 წლის ბურჯანაძის წვლილი კლუბის წარმატებაში რომ განუზომელია, ამაზე ადგილობრივი გამოცემის წარმომადგენლებიც თანხმდებიან.
რას წერენ ბურჯანაძეზე
სეზონის მიმდინარეობისას „ლეიმა“ გათამაშების გამოკვეთილ ფავორიტად არ მიიჩნეოდა, თუმცა ქართველი ბურჯანაძისა და სერბი ჰასკიჩის ფორმაში შესვლის შემდეგ გალისიური კლუბი კონკურენტუნარიან კრებულად გადაიქცა, რომელსაც წელს ლიგა ენდესაშიც რომ ეთამაშა, იოლად მოსაგები მეტოქე არც ერთი გუნდისთვის არ იქნებოდა. ეს ზუსტად ამ გამოცდილი კალათბურთელების დამსახურებაა, რომელთაც ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ. ჰასკიჩმა ლა კორუნიელებს ძალა ფარქვეშ, ბურჯანაძემ კი პერიმეტრიდან მაღალ დონეზე სროლითაც შეჰმატა. ამ უკანასკნელმა გუნდის უმაღლეს ლიგაში აღზევებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ბურჯანაძე ამ გუნდში კარიერის საწყის ეტაპზე, 2014-2016 წლებშიც გამოდიოდა, რის შემდეგაც სხვადასხვა დროს „მორაბანკ ანდორაში“, „გიპუზკოაში“, „გრან კანარიაში“, „ბეტისსა“ და „რეჯინაში“ გამოდიოდა.