ბარსელონა, კარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი, მიუნხენის ბაიერნი
Aa Aa

ფაქტები და სტატისტიკა - რატომ არ არის ლევანდოვსკი Big Game Player

2013 წლის 24 აპრილი, დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი.. დორტმუნდის „ბორუსია“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ..

მე-8 წუთი, დარტყმა და ყვითლად გაფერადებული ტრიბუნებისკენ რობერტ ლევანდოვსკი გარბის. პოლონელ თავდამსხმელს გოლის აღნიშვნა კიდევ სამჯერ მოუწია.. დორტმუნდმა „სამეფო კლუბი“ 4:1 გაანადგურა..


იმ დღეს ახალი ვარსკვლავი დაიბადა.. რა თქმა უნდა, რობერტი „ბლანკოსთან“ დაპირისპირებამდეც კარგ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ „რეალის“ კარში პოკერმა მისი კარიერა სამუდამოდ შეცვალა..

ახლა, ვინც ამას კითხულობთ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ბლოგი ლევანდოვსკის ქება დიდებაზე იქნება, მაგრამ არა.. პირადად მე ვთვლი, რომ 2013 წლის 24 აპრილის შემდეგ, პოლონელს ჩემპიონთა ლიგაზე დიდ მატჩებში განსაკუთრებული აღარაფერი გაუკეთებია..

შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოთ, რადგან ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 94 გოლით ყველა დროის მესამე საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ მნიშვნელოვან მატჩებში მისი გადამწყვეტი გოლი ძალიან ცოტა თუ გაგვახსენდება. დღევანდელ ბლოგში ვეცდები ავხსნა, თუ რატომ არ არის რობერტი Big Game Player(დიდი მატჩების მოთამაშე).  

არ მინდა ის იფიქროთ, რომ მას ვაკნინებ ან ვთვლი, რომ ცუდი ფეხბურთელია. არა!! უბრალოდ ლევანდოვსკი დიდ მატჩებში, განსაკუთრებით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ბევრ მომენტს აფუჭებს, ან იკარგება..

თუ გადავხედავთ ჩემპიონთა ლიგაზე მის 94 გატანილ გოლს ვნახავთ, რომ დიდი გუნდების წინააღმდეგ, არც ისე ბევრი აქვს გატანილი.

2013 წლის ფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ ვერ გაუტანა. ლევანდოვსკის გუნდის შეცვლა და 7 წელი დასჭირდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოეგო.

მოდით გადავხედოთ ყველა პლეი-ოფის მატჩს, რომელიც მან დღემდე ითამაშა. 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი. „დორტმუნდი“ VS „ზენიტი“. რუსულ კლუბს პოლონელმა გასვლით შეხვედრაში დუბლი შეუსრულა, თუმცა ეს გასაკვირი არავისთვის არის. განმეორებითი მატჩი გერმანელებმა 1:2 წააგეს, თუმცა შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდნენ.

„ბორუსია“ მეოთხედფინალში მადრიდის „რეალს“ გადაეყარა. მადრიდში გამართულ შეხვედრაში „დორტმუნდი“ 3:0 დამარცხდა. ლევანდოვსკის მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო განმეორებით შეხვედრაში ითამაშა და მასპინძლები „ქამბექთან“ ახლოსაც იყვნენ, თუმცა მატჩი 2:0 დასრულდა და ნახევარფინალში „რეალი“ გავიდა. პოლონელი თავდამსხმელის ანგარიშზე მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა იყო. ორივე გოლი როისმა გაიტანა.

შემდეგ სეზონში, ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდა. 2014/2015 წლების სეზონში „რეკორდმაისტერი“ ჩ.ლიგის მერვედფინალში დონეცკის „შახტარს“ დაუპირისპირდა და პირველი მატჩი 7:0 მოუგო. რობერტმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. მისი გოლი 7-დან მეექვსე იყო. განმეორებითი შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მეოთხედფინალში „ბაიერნი“ „პორტუს“ შეხვდა და პირველი თამაში 3:1 წააგო. ლევანდოვსკის გოლი არ გაუტანია. მეორე შეხვედრაში პოლონელმა დუბლი შეასრულა, მაგრამ მისი გატანილი გოლები პორტუგალიელთა კარში რიგით მესამე და მეხუთე იყო. ნახევარფინალში გუარდიოლას გუნდი „ბარსელონას“ დაუპირისპირდა.

გერმანელებმა პირველი მატჩი პირწმინდად 3:0 წააგეს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 3:2 მოიგეს. მეორე თამაშს „ბაიერნი“ 1:2-ს აგებდა და გამათანაბრებელი გოლი ლევანდოვსკიმ გაიტანა. რეალურად, ის თავის სადებიუტო სეზონში „რეკორდმაისტერს“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარა.


2015/2016 წლების ჩ.ლიგის მერვედფინალში რობერტს „იუვენტუსთან“ გამორჩეული შეხვედრები ჰქონდა, მაგრამ საინტერესო მაინც ის არის, რომ 2 შეხვედრაში მან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ტურინში გამართული შეხვედრა 2:2 დასრულდა, ხოლო „ბაიერნი“ მიუნხენში 0:2-ს აგებდა.

72-ე წუთზე სწორედ რობერტმა გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ამის შემდეგ ბუფონის კარი მიულერმა, ტიაგო ალკანტარამ და კინგსლი კომანმა აიღეს.


მეოთხედფინალში პეპის შეგირდები „ბენფიკას“ დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი გერმანულმა გუნდმა ვიდალის ერთადერთი გოლით მოიგო და ლევანდოვსკიმ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება 6.8 მიიღო. განმეორებით შეხვედრაში პოლონელი მინდორზე 84-ე წუთზე გამოჩნდა და დარჩენილ დროში ვერაფერი მოასწრო.

ნახევარფინალში „ბაიერნი“ „ატლეტიკოს“ გადაეყარა. მადრიდში გამართული შეხვედრა სიმეონეს გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. განმეორებითი დაპირისპირება გუარდიოლას გუნდმა 2:1 მოიგო და ლევანდოვსკიმ მეორე გოლი გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ფინალში „როხიბლანკო“ გავიდა.

ახლა ამ ყველაფერს გიწერთ და მინდა გითხრათ, რომ ლევანდოვსკი ამ მატჩებში სტატისტის როლში არ იყო. პოლონელი საკმაოდ ბევრ მომენტს ვერ იყენებდა და პლეი-ოფებში მისი მწირი სტატისტიკა სწორედ ამის დამსახურებაა.

შორს, რომ არ წავიდეთ ამის ნათელი მაგალითი მისი უკანასკნელი შეხვედრაა, რომელიც „ბარსელონამ“ „პარი სენ ჟერმენთან“ გამართა და რობერტმა მატჩის მიწურულს ხელსაყრელი ეპიზოდი ვერ გამოიყენა. ამ გოლით კი ბარსას გარკვეული შანსი რჩებოდა.(ამაზე უკვე დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებ.) პოლონელს აღნიშნულ მომენტამდეც ჰქონდა ხელსაყრელი ეპიზოდი, მაგრამ ვერ გაიტანა.

დავუბრუნდეთ ისევ „ბაიერნის“ პერიოდს. პეპ გუარდიოლას გერმანულ ბოლო წელს „ბაიერნი“ მერვედფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდა. ჯამში „რეკორდმაისტერმა“ „მეთოფეებს“ 10 გოლი გაუტანა და პოლონელის ანგარიშზე მხოლოდ 2 გოლი იყო, აქედან ერთი პენალტით..

ამის შემდეგ „რეალის“ ჯერი დადგა. მიუნხენში ჩატარებული შეხვედრა „რეალმა“ 2:1 მოიგო და ლევანდოვსკი მთელი მატჩის განმავლობაში ინერტული იყო. „ბაიერნი“ მადრიდში დიდი იმედებით ჩავიდა და დიდი ბრძოლაც გაიმართა. 53-ე წუთზე „რეკორდმაისტერი“ ლევანდოვსკიმ პენალტის ნიშნულიდან დააწინაურა, თუმცა საბოლოო ჯამში „სამეფო კლუბმა“ 4:2 მოიგო და ნახევარფინალში გააღწია. პოლონელი ვარსკვლავის გავლენა მიზერული იყო. მეტიც, დამატებითი დროის დანიშვნამდე კარლო ანჩელოტიმ ის იოზუა კიმიხით შეცვალა.

2017/2018 წლების სეზონში „ბაიერნს“ წილისყრაში გაუმართლა და ჯერ „ბეშიქთაშს“ შეხვდა, შემდეგ „სევილიას.“ რობერტმა თურქულ გუნდს პირველ მატჩში 2 გოლი გაუტანა, ხოლო მეორე შეხვედრა ჩააგდო და 6.6 შეფასება მიიღო. „სევილიას“ კი ორი მატჩის ჯამში ვერაფერი მოუხერხა, თუმცა „რეკორდმაისტერი“ ნახევარფინალში გავიდა და ისევ „რეალს“ დაუპირისპირდა.

პოლონელი შემტევი ორივე მატჩში ინერტული იყო და კეილორ ნავასის კარი ვერ აიღო. „სამეფო კლუბმა“ ორი მატჩის ჯამში გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

2018/2019 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რობერტმა დიდებულად ითამაშა და სუსტ გუნდებს გადაურბინა. „ბაიერნთან“ ერთად ჯგუფში „აიაქსი“, „ბენფიკა“ და „აეკი“ იყვნენ.

„რეკორდმაისტერი“ მერვედფინალში „ლივერპულს“ გადაეყარა. იმ პერიოდში გუნდს ნიკო კოვაჩი წვრთნიდა და მერსისაიდულ გრანდს ვერაფერი დაუპირისპირა. როგორც ხშირ შემთხვევაში ხდებოდა, ლევანდოვსკიმ ვერც ამ მნიშვნელოვან მატჩში გამოიჩინა თავი და „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.

მივედით საჩემპიონო სეზონზე. 2019/2020 წლებში „ბაიერნში“ ჰანსი ფლიკი მოღვაწეობდა და საკმაოდ ძლიერი გუნდი დააყენა. გასათვალისწინებელია კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემია და ჩემპიონთა ლიგაზე ფორმატის ცვლილება. მეოთხედფინალი და ნახევარფინალი ერთ მატჩიანი გახდა.

ლევანდოვსკი ჯგუფურ ეტაპზე კვლავ გამორჩეული იყო და ბევრი გოლიც გაიტანა, მაგრამ რა გააკეთა პლეი-ოფში?

მერვედფინალში, სტუმრად ლონდონის „ჩელსის“ ერთი გოლი გაუტანა, თუმცა იმ დროს „ბაიერნი“ უკვე 2:0-ს იგებდა. განმეორებით მატჩში საკმაოდ სუსტ „არისტოკრატებს“ დუბლი შეუსრულა. მიუხედავად ლონდონელების სისუსტისა, მას ეს შეხვედრები მაინც აქტივში უნდა ჩავუთვალოთ.

ამის შემდეგ ისტორიული დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც „ბაიერნმა“ „ბარსელონა“ 8:2 გაანადგურა, მაგრამ რობერტი მთავარი მოქმედი გმირი არ ყოფილა. პოლონელმა სუპერვარსკვლავმა 82-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 6:2 გახადა. დადგა ნახევარფინალის ჯერი. ამჯერად მოწინააღმდეგე ტოპ კლუბი არ ყოფილა. „რეკორდმაისტერი“ „ლიონს“ დაუპირისპირდა.

დუბლი შეასრულა სერჟ გნაბრიმ, მაგრამ ერთი საგოლე პასი ლევანდოვსკიმ გაუკეთა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 2:0 იყო, 88-ე წუთზე თავად რობერტმა გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 3:0 დააფიქსირა.


ფინალი „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ. „ბაიერნმა“ კომანის გოლით 1:0 მოიგო, მაგრამ ლევანდოვსკის უსახური მატჩი ჰქონდა. მეტიც, მან 6.5 შეფასება დაიმსახურა და მასზე დაბალი ქულა მხოლოდ ბოატენგმა(6.4) მიიღო.

ამ ყველაფრის პარალელურად, ლევანდოვსკი ყოველთვის ბრწყინავდა ბუნდესლიგაში და არც 2019/2020 წლების სეზონი იყო გამონაკლისი. პოლონელმა 34 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ექსპერტები მას ოქროს ბურთსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა და რობერტმა ეს ჯილდო ვერ მიიღო. ბევრი თვლის, რომ მას დამსახურებულად ეკუთვნოდა და მოდით ქვემოთ მოცემულ გამოკითხვაში თქვენი აზრი დააფიქსირეთ.

მაქსიმალურად სწორად მინდა გაიგოთ რას გიყვებით. რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებითია, მაგრამ ლევანდოვსკის ჰქონდა ისეთი სეზონი, რომ თავისუფლად ვთქვათ: „ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა და გამორჩეული იყო.“???

ჩემი აზრით მას ჩ.ლიგაზე ასეთი სეზონი არ ჰქონდა. არანაკლები დამსახურება ჰქონდა თუნდაც სერჟ გნაბრის ან კინგსლი კომანს. ლევანდოვსკიმ გუნდს მხოლოდ „ჩელსისთან“ ულიდერა. შეიძლება თქვათ, რომ მარტო გოლების გატანა ხომ არ არის ფეხბურთიო და მართალიც იქნებით, მაგრამ აღნიშნულ დაპირისპირებებში მისი თამაშზე გავლენა ნაკლები იყო.

შედარებისთვის შეგვიძლია კარიმ ბენზემას 2021/2022 წლების სეზონი მოვიყვანოთ, სადაც მის გარეშე „სამეფო კლუბი“ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა. 3 გოლი პსჟ-სთან მერვედფინალში, 4 გოლი „ჩელსისთან“, 3 გოლი „მანჩესტერ სიტისთან“..

შეგვიძლია ვირჯილ ვან დაიკი გავიხსენოთ 2017/2018 წლების სეზონში. მისი გადასვლის შემდეგ(ტრანსფერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს განხორციელდა), „ლივერპულის“ დაცვა სტაბილური გახდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთმა ფეხბურთელმა გუნდზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.

ნიდერლანდელი უკანახაზელის გადასვლამდე გადავხედოთ „ლივერპულის“ გაშვებული გოლების რაოდენობას პრემიერ ლიგაში.

2013/2014 წლები: 50 გოლი, 2014/2015 წლები: 48 გოლი, 2015/2016 წლები: 50 გოლი, 2016/2017 წლები: 42 გოლი, 2017/2018 წლები: 38 გოლი, 2018/2019 წლები: 22 გოლი. ამ სეზონში მერსისაიდულმა გრანდმა 97 ქულა დააგროვა და „მანჩესტერ სიტიმ“ მხოლოდ 1 ქულით აჯობა.

2019/2020 წლები: 33 გოლი და კლოპის გუნდი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2018/2019 წლებში „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სადაც 14 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 12 გოლი გაუშვა.

დღემდე ბევრი კამათობს, რომ 2019 წელს მას ეკუთვნოდა ოქროს ბურთი და არა ლეო მესის, თუმცა ასეთი კამათი ყოველთვის იქნება.. 2020/2021 წლების სეზონი მერსისაიდელებს შედარებით ცუდი ჰქონდათ და პრემიერ ლიგაში 42 გოლი გაუშვეს, თუმცა შემდეგ სეზონში 26.

გასულ წელს იურგენ კლოპის შეგირდები იდეალური ფორმისგან შორს იყვნენ და გერმანელ სპეციალისტს ყველაზე ცუდი სეზონი ჰქონდა. მეხუთე ადგილი პრემიერ ლიგაში და 47 გაშვებული გოლი.

თავად ლევანდოვსკიმ გაუქმებულ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

„რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა, რომ ოქროს ბურთი მომეგო, მაგრამ მოწყენილი და გაბრაზებული არ ვარ. ვფიქრობ, 2020 და 2021 წლები ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო.“

შემდეგ სეზონში „ბაიერნი“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალში „ლაციოს“ დაუპირისპირდა. რომაული კლუბი ტოპ გუნდების კატეგორიაში არ შედის. რობერტმა მათ ორივე მატჩში გაუტანა, თანაც ისე, რომ ორივე შემთხვევაში ანგარიში გახსნა. გერმანელებმა იტალიელების ბარიერი ადვილად დაძლიეს, მაგრამ შემდეგ „პარი სენ ჟერმენს“ გადაეყარნენ.

პოლონელი თავდამსხმელი ტრავმირებული იყო და პარიზელთა წინააღმდეგ ვერ ითამაშა. „ბაიერნი“ კი მეოთხედფინალში დამარცხდა. ამის პარალელურად, რობერტი ბუნდესლიგაში ბრწყინავდა და გერდ მიულერის რეკორდი დაამხო. საუბარი ბუნდესლიგის ერთ სეზონში გატანილ გოლებზეა. ლევანდოვსკიმ 41 გოლი გაიტანა და ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

შემდეგ სეზონში, „ბაიერნმა“ მერვედფინალში „ზალცბურგი“ იმსხვერპლა. ორ მატჩში ლევანდოვსკიმ 3 გოლი გაიტანა. მეოთხედფინალში კი „რეკორდმაისტერი“ „ვილიარეალთან“ პირდაპირი გაგებით შერცხვა.

ესპანეთში გამართული მატჩი „წყალქვეშა ნავმა“ 1:0 მოიგო. მიუნხენში „ბაიერნი“ ლევანდოვსკის გოლით იგებდა, მაგრამ 88-ე წუთზე ჩუკუვეზემ წონასწორობა აღადგინა და „ვილიარეალი“ ნახევარფინალში გაიყვანა. გოლის მიუხედავად, პოლონელმა ვერც ამ შემთხვევაში ითამაშა ისე, რომ „მარტოს“ გაეყვანა გუნდი შემდეგ ეტაპზე.


უკვე ასაკში მყოფმა რობერტმა ჩათვალა, რომ „ბაიერნში“ საკუთარი თავი ამოწურა და „ბარსელონაში“ გადავიდა, სადაც დღემდე ისეთ ფეხბურთს ვერ თამაშობს, როგორც ამას „რეკორდმაისტერში“ აკეთებდა.

ლევანდოვსკის პირველივე წელს ყოფილ გუნდთან მოუწია დაპირისპირება. „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ ჩ.ლიგის ჯგუფში გადაეყარნენ ერთმანეთს.

მიუნხენში „ბლაუგრანამ“ საკმაოდ დიდი უპირატესობით დაიწყო და არაერთი მომენტი შეექმნა. პირადად ლევანდოვსკის ჰქონდა გოლების გატანის შანსი, მაგრამ რიგ ეპიზოდებში ნოიერმა აჯობა ან ბურთი კარს ააცილა. მატჩი 3:0 დასრულდა.

იდენტური სცენარით წარიმართა კატალონიაში გამართული შეხვედრაც. ლევანდოვსკიმ მომენტები გაანიავა და ბარსამ 0:3 წააგო. რობერტმა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება 6.4 მიიღო.

რობერტის აქტივში „ინტერთან“ დაპირისპირება უნდა ჩაითვალოს. მან „ნერაძურის“ დუბლი შეუსრულა და „ბარსელონა“ წაგებას გადაარჩინა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. სწორედ ამ დაპირისპირებაში ნათამაშებ ფეხბურთს ელოდა ყველა მისგან.

„ინტერის“ წინააღმდეგ ლევანდოვსკი ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო. მან ითამაშა ისეთი ფეხბურთი, როგორსაც დიდი მატჩის ფეხბურთელები თამაშობენ..

მილანში გამართული შეხვედრა ინძაგის გუნდმა 1:0 მოიგო და პოლონელი მთელი მატჩის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო. საბოლოოდ ბარსა ჯგუფში ჩარჩა..

მოვედით წლევანდელ სეზონზე. როგორც იქნა ბარსამ ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში „ნაპოლის“ შეხვდა. დიეგო მარადონაზე გამართულ შეხვედრაში რობერტმა ანგარიში გახსნა, მაგრამ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

„ნაპოლი“ მიმდინარე სეზონში ტოპ კლუბად არ განიხილება და საკმაოდ ცუდ ფორმაშია. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ დაპირისპირებას „Big Game-ს“ ვერ დავარქმევთ. კატალონიაში „პარტენოპეის“ ლევანდოვსკიმ 83-ე წუთზე გაუტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 3:1 დააფიქსირა.

მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენთან“ აბსოლუტურად ვერაფერი გააკეთა. პარიზში ბარსამ 3:2 მოიგო, მაგრამ ლევანდოვსკის არ გაუტანია და ვერც მეორე მატჩში გაიტანა. არადა, როგორც უკვე მოგახსენეთ მას შეხვედრის გადარჩენის დიდებული შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა დონარუმამ მოიგერია. აღნიშნულ ეპიზოდში მას თანაგუნდელები ეხსნებოდნენ და ვინ იცის, პასი, რომ გაეკეთებინა სხვა შედეგი დამდგარიყო..

მოდით შევაჯამოთ ლევანდოვსკის ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა პლეი-ოფში მადრიდის „რეალის“ განადგურების შემდეგ(4:1).

11 წლის განმავლობაში რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 26 გოლი გაიტანა და ამ 26-დან დიდ გუნდებთან მხოლოდ 9 იყო. ამ 9 გოლიდან კი მისი გუნდი გამარჯვებული მხოლოდ 3 შემთხვევაში გამოვიდა. „ჩელსისთან“, „ბარსელონასთან“ და „იუვენტუსთან.“

გადავიდეთ „ელ კლასიკოზე“ და ვნახოთ, თუ რამხელა გავლენას ახდენს ბარსას მთავარი თავდამსხმელი „სამეფო კლუბზე.“

ლევანდოვსკი „ბლაუგრანაში“ გადასვლის შემდეგ, მადრიდულ გრანდს ოფიციალურ მატჩებში 7-ჯერ დაუპირისპირდა.

დავიწყოთ მოგებით. პოლონელმა „ბლანკოსი“ 7 შეხვედრიდან მხოლოდ ორჯერ დაამარცხა. გაუტანა მხოლოდ 2 გოლი და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა მიითვალა. 2-დან ერთი გოლი ვეტერანმა შემტევმა 2023 წლის ესპანეთის სუპერ თასზე გაიტანა, სადაც მან მართლაც ულიდერა „ბარსელონას“ და აღნიშნულ დაპირისპირებაში საგოლე პასიც შეასრულა.


ჩავი ერნანდესის გუნდმა 3:1 მოიგო. მეორე გოლი კი ასევე ესპანეთის სუპერ თასზე გაუტანა(მიმდინარე წელს), თუმცა ამჯერად „რეალმა“ მოიგო 4:1. რაც შეეხება მეორე საგოლე პასს ეს მის სადებიუტო „ელ კლასიკოში“ შეასრულა, რომელიც ბარსამ 3:1 წააგო.

მიუხედავად მისი ფეერიული თამაშისა „ელ კლასიკოში“, ლა ლიგის ტიტულის სადებიუტო სეზონში მოგება პირდაპირ კავშირშია რობერტთან. აღნიშნულ სეზონში „ბარსელონა“ დაცვით ფეხბურთს თამაშობდა და არაერთი მატჩი მოიგო ანგარიშით 1:0 და ხშირად იყო შემთხვევა, როდესაც ის ერთადერთი გოლი რობერტმა გაიტანა. 2022/2023 წლებში ლევანდოვსკი 23 გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და კარიმ ბენზემას 4 გოლით აჯობა.

რადგან კარიმ ბენზემა ვახსენეთ მოდით მის სტატისტიკასაც გადავავლოთ თვალი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში 2013 წლის შემდეგ. ლევანდოვსკის მას იმიტომ ვადარებ, რომ ერთი თაობის თავდამსხმელები არიან, ერთ ეპოქაში ითამაშეს და ფრანგი კრიშტიანუს წასვლამდე არასდროს ყოფილა „რეალის“ ისეთი ლიდერი და დასაყრდენი, როგორიც პოლონელი იყო „ბაიერნში“.

2013/2014 წლები, მერვედფინალი: დუბლი და 2 საგოლე პასი „შალკეს“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში. ნახევარფინალში კარიმმა სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე „ბაიერნს“ გაუტანა და „რეალმა“ 1:0 მოიგო.

2014/2015 წლების სეზონის მერვედფინალში კარიმმა მადრიდში კვლავ „შალკეს“ გაუტანა. მადრიდის „ატლეტიკოსთან“ და შემდეგ „იუვენტუსთან“ არაფერი გამოუვიდა.

2015/2016 წლებში კარიმს პლეი-ოფში საერთოდ არ გაუტანია, მაგრამ BBC ტრიოს უცვლელი წევრი იყო.

2016/2017 წლების სეზონში ბენზემამ მერვედფინალში „ნაპოლის“ გაუტანა, ნახევარფინალში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ სანტიაგო ბერნაბეუზე საგოლე პასი გააკეთა, ხოლო სტუმრად, როდესაც „რეალი“ 0:2-ს აგებდა დიდებული ცრუ მოძრაობებით „როხიბლანკოს“ დაცვა გაარღვია და თანაგუნდელს გაატანინა.


2017/2018 წლების სეზონში ბენზემას სტატისტიკა ნახევარფინალამდე ნული იყო, თუმცა „ბაიერნთან“ განმეორებით მატჩში დუბლი შეასრულა და „სამეფო კლუბი“ ფინალში გაიყვანა.


ფინალში კი „ლივერპულის“ წინააღმდეგ ანგარიში გახსნა. ფრანგმა თავდამსხმელმა მერსისაიდელთა კარის დარაჯის ლორის კარიუსის უყურადღებობით ისარგებლა, ანგარიში გახსნა და ეს გოლი დღემდე გამოსარჩევია.


შემდეგ სეზონში კარიმმა „აიაქსს“ სტუმრად მერვედფინალში გაუტანა, თუმცა ორი მატჩის ჯამში „სამეფო კლუბი“ დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. არც შემდეგი სეზონი გამოდგა საამაყო. „ბლანკოსი“ „მანჩესტერ სიტის“ გადაეყარა ორი მატჩის ჯამში წააგო, თუმცა „ეტიჰადზე“ კარიმმა მაინც გაიტანა.

2019/2020 წლების ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „რეალმა“ „ატალანტა“ ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა. ბერგამოში „სამეფო კლუბმა“ 1:0 მოიგო, ხოლო მადრიდში იმ დროს ზიდანის გუნდი ბენზემას გოლით დაწინაურდა და საბოლოო ჯამში 3:1 მოიგო.

მეოთხედფინალში მადრიდელებმა „ლივერპულის“ ბარიერი დაძლიეს, თუმცა კარიმს გოლი არ გაუტანია. ნახევარფინალში „ჩელსის“ ჯერი დადგა, თუმცა ეს ბარიერი „სამეფო კლუბმა“ ვერ გადალახა. მიუხედავად ამისა, პირველ მატჩში ბენზემამ თავი გამოიჩინა და ედუარდო მენდის კარი აიღო.

მივადექით სეზონს, რომელიც ბენზემას კარიერაში საუკეთესო იყო. მერვედფინალში ჰეთ-თრიკი „პარი სენ ჟერმენის“ წინააღმდეგ. მეოთხედფინალში ჰეთ-თრიკი „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსის“ წინააღმდეგ. ნახევარფინალში სტუმრად „სიტის“ დუბლი შეუსრულა, ხოლო მადრიდში ერთი გაუტანა. კარიმმა ფინალში „ლივერპულთანაც“ გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს. აღნიშნულ სეზონში ფრანგი თავდამსხმელი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ბომბარდირი გახდა 15 გოლით.

შემდეგ სეზონში მადრიდულმა გრანდმა კვლავ „ლივერპული“ იმსხვერპლა. კარიმმა „ენფილდზე“ დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე პასი მიითვალა. მადრიდში კვლავ ბენზემამ გაიტანა და მატჩი 1:0 დასრულდა.

მეოთხედფინალში მადრიდელები „ჩელსის“ დაუპირისპირდნენ. საკუთარ კედლებში 2:0 მოიგეს და ერთი გოლი კარიმმა გაიტანა. შემდეგ მარცხი „მანჩესტერ სიტისთან“ და ბენზემამ „რეალის“ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო მატჩი ჩაატარა.

რა მივიღეთ საბოლოო ჯამში 2013 წლის შემდეგ?

26 გოლი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში და 26 გოლიდან 20 ტოპ გუნდების წინააღმდეგ. შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ „ატალანტას“, „ნაპოლის“ და „შალკეს“ ტოპ გუნდებად არ ვთვლი.

„ლივერპულთან“ გატანილი მისი გოლების შემდეგ „რეალმა“ ყველა მატჩი მოიგო. იგივე შეიძლება ითქვას „ბაიერნთან“ გატანილ გოლებზე. ბლანკოსმა“, „ჩელსისთან“ მხოლოდ ერთხელ ვერ მოიგო „როცა ბენზემამ გაიტანა. დანარჩენ შემთხვევებში გუნდმა წარმატებას მიაღწია. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, ერთ შემთხვევაში კარიმის თამაშის წყალობით „რეალი“ შემდგ ეტაპზე გავიდა, ხოლო 2019/2020 წლებში, როგორც უკვე მოგახსენეთ მადრიდული გრანდი მერვედფინალიდან გავარდა.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ კრიშტიანუს წასვლამდე „რეალი“ არასდროს იყო ბენზემაზე დამოკიდებული ისე, როგორც „ბაიერნი“ ლევანდოვსკიზე. პოლონელი ყოველთვის მთავარი გამტანი იყო, მთლიანი ტაქტიკა ყოველთვის მასზე ეწყობოდა.

დავუბრუნდეთ „ელ კლასიკოში“ მათ დაპირისპირებას. ბენზემამ იმ პერიოდში, როცა ლევანდოვსკი ბარსაში თამაშობდა, „ბლაუგრანას“ 5 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლი გაუტანა.

მოვედით დღევანდელ დღემდე. მიმდინარე სეზონში პოლონელი ვარსკვლავი ვეღარ ბრწყინავს. ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში 17 გოლით მეოთხე ადგილზეა და პირველ პოზიციაზე მყოფ დოვბუკს სამი გოლით ჩამორჩება.

ჩემპიონთა ლიგაზე 3-ჯერ გაიტანა, კოპა დელ რეიზე 2-ჯერ. ესპანეთის სუპერ თასზე ასევე 2-ჯერ. ჯამში 45 მატჩში თავი 24-ჯერ გამოიჩინა, მაგრამ კატალონიურმა გრანდმა ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო.

ესპანური მედიის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ბარსელონა“ რობერტის გაყიდვას გეგმავს. პოლონელის გადაბირებით საუდის არაბეთის კლუბები ინტერესდებიან. საბოლოოდ ჯამში ლევანდოვსკი, რა თქმა უნდა, დიდი ფეხბურთელია, მაგრამ არა Big Game Player..

გაზიარება: