80 მილიონი ნაპოლის, 8 მილიონი კვარას | პსჟ-ს ინტერესი და დე ლაურენტისის გეგმა
„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს შემცვლელს ეძებს და მის რადარზე ხვიჩა კვარაცხელია იმყოფება. პარიზელთა ინტერესთან დაკავშირებით, იტალიურმა გაზეთმა, Il Mattino-მ ახალი ინფორმაცია გაავრცელა და „პარტენოპეის“, პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გეგმებზეც გვესაუბრა.
Il Mattino-ს მიხედვით, პსჟ-ს შეუძლია, „ნაპოლის“ ტრანსფერის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო, ხვიჩას კი ხელფასის სახით, 8 მილიონი ევრო შესთავაზოს. „პარტენოპეის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ქართველი ფეხბურთელის გასხვისებას არ აპირებს და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს. ნეაპოლური გაზეთის მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენი“ არ დანებდება და მაქსიმუმს გააკეთებს, რათა მიზანს მიაღწიოს.
Il Mattino-ს ცნობით, „ნაპოლი“ „კვარას“ სულ მცირე 130 მილიონ ევროდ აფასებს და მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. პრობლემა ისაა, რომ მხარეები საერთო ენას ვერ პოულობენ. დე ლაურენტისი მზადაა, ხვიჩას ხელფასი 4.5 მილიონამდე გაზარდოს, მაგრამ კვარაცხელიას აგენტების მიზანი 6 მილიონი ევროა.
Il Mattino-ს თუ დავუჯერებთ, მხარეებს შორის ერთი შეხვედრა უკვე შედგა და ისინი საუბარს გააგრძელებენ. ამ ეტაპზე, ქართველ შემტევს ნეაპოლის დატოვების პერსპექტივა არ ხიბლავს.