მიქაუტაძის ისტორიული შედეგი | რა ითქვა მატჩის შემდეგ?
საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში, „მეცი“ „სტრასბურგს“ დაუპირისპირდა. გიორგი მიქაუტაძის გუნდი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო და ქართველი ფეხბურთელის გოლით იგებდა, მაგრამ 89-ე და 91-ე წუთებზე ორი ბურთი მიიღო და 1:2 წააგო.
„სტრასბურგთან“ დაპირისპირებაში მიქაუტაძემ ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ლიგა 1-ის რეკორდი დაამყარა. ზამთარში გაფორმებულ ფეხბურთელთა შორის, გიორგი ყველაზე შედეგიანი გახდა (იგულისხმება ერთი სეზონი) და „მეცში“ დაბრუნების შემდეგ, 11 ბურთი შეაგდო, რაც ლიგა 1-ში იანვარში გადასულ მოთამაშეს არასდროს გაუკეთებია.
„მატჩის კონტროლი დავკარგეთ. იგივე მოხდა, რაც რენთან. შეგვეძლო, ქულა აგვეღო, რაც საშუალებას მოგვცემდა, ლიგა 1-ში ადგილის პირდაპირ შენარჩუნების შანსი გვქონოდა, მაგრამ შეხვედრის სადავეები ხელიდან გაგვექცა“, - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ.
„ყველანი იმედგაცრუებული ვართ. ჩემპიონთა ლიგას თუ უყურებთ, იცით, რომ მსგავსი რამ იქაც ხდება. ესაა ფეხბურთის სასტიკი სილამაზე. გიორგი მიქაუტაძის ეპიზოდში, როცა მან ბურთი ძელს გაარტყა, გოლი რომ გაგვეტანა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი დასრულდებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და სიმშვიდე დაგვაკლდა, რათა უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია. ფეხბურთელები დამწუხრებული არიან, მაგრამ პლეიაუტამდე, პარი სენ-ჟერმენთან ძალიან რთული მატჩი გველის. ვიცით, ჩვენი მცირე უპირატესობა რა არის და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - აღნიშნა „მეცის“ თავკაცმა, ლასლო ბოლონიმ.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის გუნდი პლეიაუტში ითამაშებს და მისი მეტოპის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. სავარაუდო კანდიდატთა შორის „ანჟერი“, „სენტ-ეტიენი“, „პარიზი“ და „როდეზი“ არიან.