„რა მეკარეა!“ | მეოთხე მსაჯის რეაქცია მამარდას სეივზე და რაიოს თავკაცის კომენტარი
ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში, „ვალენსია“ „მესტალიაზე“ „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა და გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. თამაშის შემდეგ, „რაიო ვალეკანოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ინიგო პერესმა ქართველ მეკარეზე ისაუბრა. პერესმა ყურადღება მისი გუნდის მიერ, 83-ე წუთზე შექმნილ მომენტზე გაამახვილა და მეოთხე მსაჯის რეაქცია გაგვიზიარა.
„სიმართლე გითხრათ, ბოლო სეივის ეპიზოდში, მეგონა, რომ მამარდაშვილი ბურთს არ შეხებია, მაგრამ მეოთხე მსაჯი ჩემთან მოვიდა და პირდაპირ მითხრა: „რა მეკარეა!“ ვუპასუხე, არ მჯერა, რომ ბურთს შეეხო-მეთქი, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. მსგავს მომენტებში ბრაზდები, მაგრამ ასეთი მეკარეები დასაფასებლები არიან. ვალენსიას შესანიშნავი გოლკიპერი ჰყავს და სწორედ მის გამო ვერ გავიმარჯვეთ“.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 34-ე შეხვედრაში მიიღო. გიორგის 35 გოლი აქვს გაშვებული, კარი მშრალად კი 13-ჯერ შეინახა. მისი „ვალენსია“ ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძოდა, მაგრამ „რაიო ვალეკანოსთან“ დაკარგული ქულების შემდეგ, მიზნის მიღწევა გაუჭირდება. „ღამურები“ მეშვიდეადგილოსან „სოსიედადს“ 6 ქულით ჩამორჩებიან და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი.
„მამარდას“ ბრწყინვალე თამაშმა ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო და მას რამდენიმე კლუბს აქტიურად უკავშირებენ. შეხვედრის შემდეგ, გიორგიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მესტალიაზე“ დარჩენა სურს, თუმცა, დასძინა, რომ ეს ბოლომდე მასზე არაა დამოკიდებული.