მიქაუტაძის მორიგი გოლი - მეცმა უპირატესობა შეხვედრის მიწურულს გაანიავა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად „სტრასბურგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდა.
გიორგი მიქაუტაძე ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და „მეცის“ რიგებში კვლავ საუკეთესო იყო. ქართველმა შემტევმა 54-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა. ჟორჟმა მეტოქის საჯარიმოსთან ბრწყინვალე მოქმედებით თავი კარგად გაითავისუფლა და „სტრასბურგის“ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
78-ე წუთზე ქართველ შემტევს დუბლის შესრულება შეეძლო. მოედნის ცენტრიდან ეფექტური სოლორეიდით მიქაუტაძემ დასარტყმელი სივრცე შეიქმნა, თუმცა, ბოლო მომენტში ბურთი ძელს მოარტყა.
ლასლო ბოლონის გუნდმა მოგების შანსი ხელიდან შეხვედრის მიწურულს გაუშვა. „სტრასბურგმა“ ანგარიში 89-ე წუთზე კევინ გამეიროს გოლით გაათანაბრა. ზუსტად 2 წუთში კი ანდრეი სანტოშმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამ მარცხის შემდეგ „მეცს“ 29 ქულა აქვს და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციაზე იმყოფება. ლასლო ბოლონის გუნდმა გასავარდნი ზონიდან ამოსვლის შანსი დაკარგა. ამ მოცემულობით, „მეცი“ საფრანგეთის ლიგა მთავარ ლიგაში დასარჩენ საპლეიოფო მატჩებს ითამაშებს. მე-15 ადგილოსან „ლე ავრისთან“ სხვაობა 3 ქულაა და იმის მიუხედავად, რომ გათამაშების დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, „ლე ავრისთან“ თანაბარი ქულების შემთხვევაშიც, „მეცი“ კვლავ მე-16 პოზიციაზე დარჩება.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, ქართველმა შემტევმა ზედიზედ მე-6 შეხვედრაში შეაგდო და ამ დროისთვის მის ანგარიშზე 19 ჩატარებულ მატჩში 13 გოლი და 4 ასისტია.
ლიგა 1-ის დასკვნით ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე პსჟ-ს დაუპირისპირდება. მატჩი 19 მაისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გამართება.