ბარახა: მამარდაშვილის მწვრთნელობას კიდევ დიდხანს ვისურვებდი
ესპანეთის ლა ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, „ვალენსიას“ რომელიმე ევროტურნირის საგზურის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ აქვს, რაც უპირველეს ყოვლისა გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა. პრიმერადივიზიონის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე მთელი სეზონი დამაჯერებლად ასპარეზობს და უკანასკნელ ტურში „რაიოსთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. თავად გიორგის გარდა, მის მომავალთან დაკავშირებით, „ვალეკანოსთან“ მატჩის დასრულების შემდეგ შეკითხვები „ვალენსიას“ მთავარ მწვრთნელს, რუბენ ბარახასაც დაუსვეს.
რა თქვა ბარახამ
ისევე როგორც ბევრჯერ ამ სეზონში, გიორგიმ ასპროცენტიანი გოლისგან დღევანდელ შეხვედრაშიც გადაგვარჩინა. ის მთელი წელია გვიმტკიცებს, თუ რაოდენ მაღალი კლასის მეკარეა. რაც შეეხება მამარდაშვილის ტრანსფერს, მე პირადად ვისურვებდი, რომ მისი მთავარი მწვრთნელი რაც შეიძლება დიდხანს ვიყო. კლუბის ხელმძღვანელები კი თუ მის მნიშვნელობაზე მკითხავენ, ვეტყვი, რომ ის არის მოთამაშე, რომელიც ხშირ შემთხვევაში „ვალენსიას“ მოგებას ინდივიდუალურად უზრუნველყოფს.
გიორგი მამარდაშვილის შეძენით განსაკუთრებულ ინტერესს ბოლო პერიოდში „ნიუკასლ იუნაიტედი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ იჩენენ, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარის სამსახურით სხვა ცნობილი ევროპული კლუბებიც არიან დაინტერესებული. 23 წლის ქართველი მეკარე და მისი თანაგუნდელები მომდევნო ტურში სტუმრად „სოსიედადს“ დაუპირისპირდებიან და მატჩი ხუთშაბათს, თბილისის დროით, ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.