კვარასთვის ბრძოლაში ჩელსიც ჩაერთო
უკანასკნელ დღეებში ხვიჩა კვარაცხელიას წამყვანი ევროპული სპორტული გამოცემები „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ბოლო ცნობებით საფრანგეთის ბოლო წლების საუკეთესო კლუბს „ჩელსის“ სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. „არისტოკრატები“ მომდევნო სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სერიოზულ აქტიურობას გეგმავენ და მათი მთავარი სამიზნე „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერია.
ლონდონელები იმედგაცრუებული არიან უკრაინელი ფეხბურთელის მიხაილო მუდრიკის თამაშით, რომელმაც მათ მიერ გაცემული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა და ფიქრობენ, რომ შეტევის მარცხენა ფლანგს ხვიჩა გაცილებით უფრო ეფექტურს გახდის. „არისტოკრატების“ ერთ-ერთ პარტნიორ ვებ-გვერდ Chelsea News-ზე დასახელებულია სატრანსფერო თანხაც, რომელსაც ბრიტანელები „ნაპოლის“ გადაუხდიან და ეს არის 87 მილიონი ფუნტი სტერლინგი, რაზეც წესით ნეაპოლელთა გუნდის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უარი არ უნდა თქვას.
ოცდათექვსმეტი თამაშის შემდეგ 57 ქულით „ჩელსი“ ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა და „ნაპოლის“ მსგავსად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი მასაც დაკარგული აქვს. რამდენად ამჯობინებს კვარა ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მუდმივ მონაწილე პსჟ-ს „ჩელსის“, რთული სათქმელია. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 44 მატჩში 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.