ეფექტური სეივი, მშრალი მატჩი და MVP - მამარდას მორიგი გამორჩეული თამაში
ლა ლიგის 35-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რაიო ვალეკანოს“ შეხვდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
„ბეტისთან“ დისკვალიფიკაციის შემდეგ ქართველი მეკარე „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და ლა ლიგაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა.
მართალია, მამარდაშვილის კარის მიმართულებით სტუმრებმა ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს, თუმცა, ის, რომ ბარახას გუნდმა კარის მშრალად შენახვა შეძლო, ეს ქართველი მეკარის დამსახურებაა. სწორედ ამის გამო, თამაშის ორგანიზატორებმა მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
28-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და სერხიო კამელოს თავური ეფექტურად მოიგერია.
ქართველ მეკარეს მომდევნო გამორჩეული მომენტი 71-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც გარისკა და პენალტის ზღვარზე დასწრებაზე ითამაშა, თუმცა, ამ ეპიზოდშიც გამარჯვებული გამოვიდა და საკუთარი გუნდი ხიფათისგან იხსნა.
მამარდაშვილი თამაშში კიდევ ერთხელ 83-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც რიკოშეტით კარისკენ მიმავალი ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 34-ე თამაში ჩაატარა, 35 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა. 35 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-8 პოზიციაზეა და კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ბეტისს“ 4 ქულით ჩამორჩება.
ლა ლიგის დასრულებამდე 3 ტური არის დარჩენილი, რუბენ ბარახას გუნდი კი მომდევნო შეხვედრას 16 მაისს, თბილისის დროით 23:55 საათზე სტუმრად, „რეალ სოსიედადთან“ გამართავს.